ავტოიმპორტირების ნაწილი ხელისუფლებას კონკრეტული წლოვანების მეორადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე დაწესებული აქციზის გადახედვას სთხოვს.
როგორც კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე აცხადებს, ამ მიმართულებით მყისიერი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მისი თქმით, ავტოიმპორტიორებისთვის გარკვეული საშეღავათო ტარიფებისა და შეთავაზებების ამოქმედება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესისთვის შეღავათი იქნება.
“მყისიერი ცვლილებებია საჭირო, მათ შორის აქციზის მცირე ოდენობით შემცირების მიმართულებით. შეღავათი უნდა დაწესდეს 2008, 2009, 2010 წლის ავტომობილებზე. დღეს არსებული ტარიფი - 2.4 ლარი ერთ კუბზე ძალიან ძვირია. მანქანის თვითღირებულება რაც ევროპაში და ზოგჯერ ამერიკაშია, იმას უტოლდება განბაჟება. მანქანები ტექნიკურად გამართულია, თუმცა ვერ ჩამოდის იმიტომ რომ არარენტაბელურია. დღეს არ გვაქვს ფუფუნება, რომ ყველამ ახალი ავტომობილი შეიძინოს და იმით იაროს.”-აცხადებს „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე.
ავტოიმპორტიორის თქმით, აქციზის შემცირების პარალელურად იმპორტირებული ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების შემოწმებაც უნდა მოხდეს.
“დიდი წლოვანების ავტომობილებზე დაწესებული აქციზის შემცირება იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ ამ ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის იდენტიფიცირება მოხდება. არის შემთხვევები, როცა ავტომობილები ამერიკის ბაზრიდან შემოჰყავთ, ეს ავტომობილები გადაადგილებისთვის გამოსადეგი არაა. შემდეგ ამ ავტომობილების შეკეთება ხდება, თუმცა რამდენად შეესაბამება ის ტექნიკურ მახასიათებლებს, ეს რთული სათქმელია. ჩემი მოსაზრებაა, რომ აქციზის დაწესების შემდეგ ტექნიკურად გამართული ავტომობილები შემოვიდეს, რის შემდეგაც ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ივლის", - ამბობს „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი, ელგუჯა ჯამაგიძე.