მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2019 წლის სტატუს-კვოს დავუბრუნდით" - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დაგვიანებული რეფორმა

608bbdb8bca6f
სალომე მეცხვარიშვილი
30.04.21 12:36
792
ნარჩენების მართვის რეფორმა, რომელიც საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვას ითვალისწინებს, იგვიანებს.

რეფორმის ასამუშავებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები უკვე წელიწადნახევარია დამტკიცებას ელოდება, თუმცა უშედეგოდ. 6 დოკუმენტიდან, 4 მათგანი დამტკიცებულია, ორი რეგლამენტი კი ისევ წრეზე ტრიალებს - აღმასრულებელი ხელისუფლებიდან - კერძო სექტორში, კერძო სექტორიდან ისევ აღმასრულებელში და ახლა პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. არადა გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი უკვე მთავრობისთვის უნდა წარედგინა, პრემიერს კი გადაწყვეტილება მიეღო. შედეგად, საქართველოში ნარჩენების მართვის ევროპული მოდელი უნდა დანერგილიყო, რომელიც ბიზნესის მიერ ნარჩენების შეგროვებას და მათ გადამუშავებას ითვალისწინებს. კერძო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პროცესი უკან, 2019 წლის კონდინციაში დაბრუნდა.

რა არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება?



ეს არის ვალდებულება ბიზნესისთვის, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ბიზნესმა მის მიერ წარმოქმნილ სპეციფიკურ ნარჩენებზე თავად უნდა იზრუნოს. ასეთი სპეციფიკური ნარჩენები კი არის: შესაფუთი მასალები, მეორადი საბურავები და ავტომობილები, ელექტრონული მოწყობილობები, ზეთები, ბატარეები და აკუმულატორები - სულ 6 მიმართულება.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პირობებში ბიზნესი, რომელიც წარმოქმნის ამ ნარჩენებს ვალდებულია, შეაგროვოს ის განცალკევებულად და გადაამუშაოს. ამას კი კერძო სექტორი სპეციალური ორგანიზაციების, პიაროების მეშვეობით შეძლებს. იმუშავებს სადეპოზიტო სისტემაც ანუ მომხმარებელი გამოყენებულ ბოთლებს სპეციალურ აპარატში მოათავსებს. სისტემის დანერგვის შემდეგ მოქალაქეებს, შესაძლოა, გაუძვირდეთ პროდუქცია, ეს ნამატი თანხა სწორედ ნარჩენების შეგროვებას მოხმარდება. ამის პარალელურად მომხმარებელი წახალისდება კიდეც და მაგალითად, თუ ბოთლს სპეციალურ აპარატში ჩაყრის, გაძვირებულ თანხას უკან დაიბრუნებს.

რეფორმის ვადები

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალაში 2019 წლის პირველი დეკემბრიდან შევიდა, თუმცა იმისთვის, რომ რეფორმამ რეალურად დაიწყოს მოქმედება, საჭიროა, კანონქვემდებარე აქტების მიღება თითოეული სპეციფიკური ნარჩენისთვის, რომელიც განსაზღვრავს თითოეული მხარის ვალდებულებას - რა ევალება ბიზნესს, რა - მუნიციპალიტეტს და ა.შ.

როგორც ცნობილია, 4 კანონქვემდებარე აქტზე მუშაობა დასრულებულია. ერთ-ერთი პრობლემური თემა კი შესაფუთი მასალების შეგროვება-დამუშავებასთან დაკავშირებული აქტია, რომელზეც ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რათა მთავრობაში გადაგზავნოს დასამტკიცებლად.

შესაფუთი ნარჩენები ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმართულებაა ნარჩენების მართვის ამ რეფორმაში, რამდენადაც ყველაზე მეტ ნარჩენს წარმოქმნის, ამიტომ მის გარეშე მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას მხოლოდ მცირედი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

როგორ და რა სისტემით უნდა შეგროვდეს შესაფუთი ნარჩენები (ქილები, ბოთლები, მუყაოს ყუთები) თვეების განმავლობაში ეს იყო განხილვისა და დაპირისპირების მთავარი თემა ბიზნესსა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის. პროცესებში ასევე ჩართული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც რეალურად მთავარი აქტორია, სწორედ ამ უწყებამ უნდა წარუდგინოს მთავრობას რეგლამენტის საბოლოო ვერსია დასამტკიცებლად.

ააიპ “ჯორჯია ფლასის” ხელმძღვანელი გივი კალანდაძე bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა პროცესმა მოულოდნელად პარლამენტში, კომიტეტებში გადაინაცვლა. გივი კალანდაძე მიიჩნევს, რომ ეს 2019 წლის მდგომარეობაში დაბრუნებას ნიშნავს და მას აქვს განცდა, რომ პროცესი ხელოვნურად ფერხდება.

bm.ge-ს დარგობრივი კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა განუცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება კვლავ არ არის მიღწეული, ამიტომ კომიტეტი მედიატორის ფუნქციას ასრულებს. გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მაია ბითაძის განცხადებით კი, აღნიშნულ თემებზე მოსმენას მაისში გეგმავს. ის ამბობს, რომ კომიტეტი ვალდებულია, თვალი მიადევნოს და მონიტორინგი გაუწიოს თუ როგორ სრულდება კანონი და რა პროცესები მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, არ ნიშნავს, რომ განხილვა თავიდან იწყება.

გივი კალანდაძე კი ამბობს, რომ ამ პროცესში ისინი ჩართულები არ არიან, ამიტომ გაუგებარია, რაზე მსჯელობს პარლამენტი.

“დისკუსიამ და შეხვედრებმა გადაინცვლა პარლამენტში, თუმცა ამაში ჩართული ჩვენ არ ვართ, არ ვიცით, პარლამენტში ვის ხვდებიან შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები და რა საკითხებზე მსჯელობენ ისინი. საინტერესოა, რა სახის განხილვები მიმდინარეობს, როცა ეს დოკუმენტი მეოთხე წელია განხილვის საგანია, ყველა საკითხი გავლილია, ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია იმ ვერსიაზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებმა მოამზადეს”, - აცახდებს გივი კალანდაძე.

მისვე თქმით, აღნიშნული დოკუმენტებით საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ მაგალითად, 2022 წლისთვის პლასტიკის ბოთლების კონკრეტული რაოდენობა შეგროვებული და გადამუშავებული იქნება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დებულებების დამტკიცება დაგვიანდა, საჭიროა, ეს სამიზნე მაჩვენებლებიც გადაიხედოს.