„ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებები შედის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვისა და მისი ეფექტიანი აღსრულების მიზნით საჯარიმო სანქციები შემოდის.
"ნარჩენების მართვის კოდექსში" ცვლილებების პროექტის მიღების შედეგად მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევებისთვის დადგინდება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. დარღვევების შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ნარჩენების მართვის ორგანიზაციებს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 5 000-დან 20 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ.
დგინდება ასევე პასუხისმგებლობა ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემისთვის, რაც 1000-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. 1000-დან 3000-ლარამდე ჯარიმას დაექვემდებარება სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა, მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოთხოვნების შეუსრულებლობა კი 3000-დან 5000 ლარამდე ჯარიმას გაითვალისწინებს.
„პრინციპი, რაც ნიშნავს დამბინძურებელი იხდის, ფაქტობრივად დავნერგეთ ჩვენს ქვეყანაში. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციებმა რომ იმუშაონ და მათ აქვთ მთელი ციკლი, ეს არის შეგროვების, ლოგისტიკის, რეციკლირების, განთავსების, აუცილებელია მათი გარკვეული მონიტორინგი. მათ, რომ შეასრულონ ვალდებულებები, ძალიან მნიშვნელოვანია იყვნენ მონიტორინგის ქვეშ. ამის გამო შევიტანეთ ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები, ჯარიმები, რომელიც გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეასრულებენ ვალდებულებებს. ან წლიური მაჩვენებლები ვერ შეასრულე, ან ვერ ჩააბარე თავის დროზე გეგმა, რომელიც უნდა ჩაგებარებინა გარკვეულ ვადაში, ან რეციკლირების შენატანი არ გაქვს სწორად განსაზღვრული, ან ბიუჯეტი არ გაქვს სწორად, ჩვენ ყველა შემთხვევაში გავაკონტროლებთ გარემოს ზედამხედველობის სამსახურის საშუალებით.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პრევენციაა ერთგვარი, რომ არ გაიმეორონ და იმუშაონ. ძალიან ძნელია ამ ორგანიზაციების შექმნა და თუკი ვერ შეასრულებენ ამ ვალდებულებას, გარკვეულ პერიოდში მათ შეიძლება ლიცენზია შეუწყვიტოთ“,- აცხადებს bm.ge-სთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.
როგორც ბიზნესი ამბობს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ორგანიზაციები გეგმას ვერ ასრულებენ და შეგროვება უჭირთ „შავი ბაზარია“. მათი თქმით, ისეთ სპეციფიკურ ნარჩენებს, როგორიც ზეთი და აკუმულატორებია, ბევრი ფიზიკური პირი სამართლებრივი და შეგროვების პრინციპის დარღვევით აგროვებს.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, სამინისტროსთვის ეს ინფორმაცია ცნობილია და წარმოდგენილი კანონპროექტი მათ შორის არაუფლებამოსილი პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.
„ჩვენ ვიცით, რომ [შავი ბაზარი] არის სუსტი ადგილი და ვმუშაობთ ამაზე სერიოზულად, იმიტომ, რომ ეს იყო მანამდე სანამ ფეხს აიდგამდა მგვ ორგანიზაციები, ახლა გამართულები არიან და ყველასთან კონკურენციაში შედიან, შავი ბაზარი იქნება, თუ ლეგალური ბაზარი. თუ არ აქვთ მათ [ფიზიკურ პირებს] მგვ ორგანიზაციებთან ხელშეკრულება, თუ არ აქვთ ნებართვა გადამუშავების, რეციკლირების, განთავსების, ისინი ვერ იმუშავებენ. მგვ ორგანიზაციების გარეშე ეს ნაკადები, რომელზედაც მიღებული გვაქვს რეგლამენტი, ამ ნაწილში ვერცერთი ბაზარზე ვერ იმუშავებს.
მინდა მივმართო ყველას, ვინც დაკავებულია ამ საქმიანობით, აუცილებელია მგვ ორგანიზაციასთან გააფორმოს ხელშეკრულება, ან თავად ჰქონდეს ნებართვა შეგროვების და გადამუშავების“,-აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.