"სამწუხაროდ, შესაფუთი ნარჩენების მათთვის მიმართულებით წინ ვერ წავიწიეთ. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ასეთი შედეგი გვაქვს, მაგრამ ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან, ბიზნესთან, არ ვჩერდებით. შედეგი ჯერ არ გვაქვს“ - ასე პასუხობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი bm.ge-ს კითხვას - რატომ გვიანდება შესაფუთი ნარჩენების მართვის რეგლამენტის დამტკიცება.
ნარჩენების მართვის რეფორმის ფარგლებში ამ ეტაპზე არსებული 6 რეგლამენტიდან 4 მიღებულია, თუმცა დამტკიცების მოლოდინშია 2 ტექნიკური რეგლამენტი, რომლის ფარგლებში მეორეული ავტომობილების და მოცულობით ყველაზე დიდი შესაფუთი ნარჩენის შეგროვება და გადამუშავება უნდა მოხდეს.
დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს, წლების წინ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა, თუმცა მაშინ თბილისის მუნიციპალიტეტმა მისი შეცვლა მოითხოვა. მთავარი, რაზეც ბიზნესი და მუნიციპალიტეტები ვერ თანხმდებიან არის ის, თუ ვინ შეაგროვებს ნარჩენებს და შესაბამისად ვინ მიიღებს რეციკლირების საფასურს.
„აქ საუბარია, სად უნდა წავიდეს შეგროვების, რეციკლირების შენატანი, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ მაჩვენებლებზე. რა ინსტიტუციური მოწყობაც გვაქვს სხვა რეგლამენტებში, აქ ცოტა განსხვავებულ მიდგომებს ითხოვენ და ამაზე ვმუშაობთ.
მე ჩვეულებრივ მხარეს ვარ, რაც ინსტიტუციურ მოწყობას შეესაბამება. რა თქმა უნდა ჩვენ მუნიციპალიტეტის როლი არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ ამას ვერ ავამუშავებთ, თუ მუნიციპალიტეტები არ ჩაერთვებიან, თუმცა ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ იქნება შეთანხმებული ყველასთან, მუნიციპალიტეტთან და ბიზნესთან“, - აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.
მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ შესაფუთი ნარჩენების მართვის რეგლამენტის დამტკიცებას მომავალ წელს შეძლებენ.
მისი მიღება ჯერ კიდევ 2019 წელს იგეგმებოდა. ბოლო ინფორმაციით, შესაფუთი ნარჩენების მართვის რეგლამენტი 2024 წლის პირველ კვარტალში უნდა ამოქმედდეს.