საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმიანება და Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ მოსახლეობის 47%-მა არა საქართველოს განვითარებას, არამედ პირიქით მანკიერ მხარეებს მისცა და ამიტომ ის, როგორც საქართველოს გულშემატკივარი და მისი უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი, 24 წლის შემდეგ ნებდება და ამისთვის ბოდიშს იხდის.
BM.GE ფადი ასლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საბოლოოდ, თუ საქართველოს მოსახლეობის 47% ხმა მისცა კორუფციას, ნეპოტიზმს, ჰომოფობიას, ტვინების გადინებას, უმუშევრობას, ინფლაციას, სიღარიბეს, პროტექციონიზმსა და რუსეთთან მიერთებას, მე ვინ ვარ, რომ მათ სურვილს წინ აღვუდგე?
ჩემი ცხოვრების 24 წელი ვიბრძოდი ჩემი მეორე სამშობლოსთვის, რომ ვარსკვლავთა შორის ვარსკვლავივით ებრწყინა, მჯეროდა საქართველოსი და არ მსურდა მენახა სახელმწიფო როგორ ჩამოშლებოდა ლიბანივით, რომელიც ჩემი სამშობლოა.
სამწუხაროდ წავაგე; შევწირე ჩემი ბიზნეს ინტერესები, ჩემი უსაფრთხოება და ნერვები.
24 წლის შემდეგ ვნებდები, აღარასდროს გავაკეთებ კომენტარს დამახინჯებულ სამთავრობო პოლიტიკაზე, არ მივცემ ინტერვიუებს, არ აღვუდგები წინ მთავრობას და უბრალოდ მაყურებლის როლში ვიქნები, თუ როგორ წაიყვანს "ქართული ოცნება" ქვეყანას სრული კრახისკენ.
ყველა თქვენგანს ბოდიშს გიხდით დანებებისთვის, მაგრამ ვერ ვიქნები დონ კიხოტი, რომელიც ქარის წისქვილებს ებრძვის“, - წერს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი.