მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"400%-იანი ზრდა გვაქვს" - Payze

63f4887c8b2d4
თინათინ ნატმელაძე
21.02.23 13:00
2732
ქართულმა ფინტექ სტარტაპმა, Payze-მ 2022 წელი 400%-იანი ზრდით და ახალ საერთაშორისო ბაზრებზე გამოჩენით დაასრულა, - ამის შესახებ BM.GE-ს სტარტაპის თანადაფმუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გეგა წურწუმიამ განუცხადა.

მისივე ცნობით, მზარდია Payze-ს სერვისის მომხმარებელი კომპანიების რაოდენობაც და მიმდინარე წელს კომპანიას კონცენტრაცია უკვე არსებულ ბაზრებზე წილის ზრდაზე ექნება.

„2022 წელი იყო ძალიან გარდამტეხი იმ კუთხით, რომ გუნდი სრულად დაკომპლექტდა - გავფართოვდით ორ ქვეყანაში, ესაა ყაზახეთი და უზბეკეთი, პარალელურად კი დავდეთ 400%-იანი ზრდა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, იქნება ეს კომერციული მოცულობა თუ პარტნიორი კომპანიების რაოდენობა, ამჟამად Payze-ს სერვისით 1 000-ზე მეტი კომპანია სარგებლობს, მათ შორის არიან ყაზახეთსა და უზბეკეთში არსებული კომპანიებიც. აქედან გამომდინარე, გასულ წელს შევაფასებდი, როგორც ძალიან წარმატებულს ზრდისა და განვითარების კუთხით.

მიმდინარე წელს კი უფრო მეტად ორიენტირებული სტარტაპის მომგებიანობის ზრდასა და უკვე არსებული ბაზრების გაფართოებაზე ვიქნებით", - განაცხადა გეგა წურწუმიამ.

Payze-ს თანადამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მათი სერვისი შესაძლოა აზერბაიჯანშიც გამოჩნდეს, სხვა ქვეყნის დამატება კი ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა განიხილება პაკისტანი, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ა.შ.

კითხვაზე, რა არის ის უპირატესობები, რომელთა გამოც კომპანიებმა Payze-ს სერვისი უნდა გამოიყენონ, წურწუმია გვპასუხობს, რომ სტარტაპი მომხმარებლებს როგორც გარკვეული ბარიერების მოხსნაში, ისე გაყიდვების ზრდაშიც ხელს უწყობს.

„ჩვენი სერვისი არის პრემიუმ პროდუქტი, იქედან გამომდინარე, რომ Shopify-ს, Vix-ის და სხვა მსგავსი კომპანიებისთვის ერთგვარ ბარიერებს ვხსნით და ბევრად მარტივს ვხდით ელექტრონულ კომერციას ნებისმიერი მეწარმისთვის. ყოფილა შემთხვევა, როცა მოსულა ჩვენთან კომპანია ან ინდ მეწარმე და ერთ საათი დაუწყია გაყიდვები.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ დიდ კომპანიებს ვთავაზობთ, ხელსაწყოებს რომლის საშუალებითაც შეუძლიათ თავიანთი შემოსავლები უფრო გათვლადი ისეთი მექანიზმებით გახადონ, როგორიცაა Apple Pay, Google Pay და ასევე გამოწერის ფუნქციაც, რომელსაც აქტიურად იყენებენ „8000 მოსავალი“, „შავი ყავა“ და ბევრი სხვა ობიექტი. გვაქვს უცხოური ბარათების მიღების ძალიან კარგი შესაძლებლობაც, რომლითაც ასევე ბევრი კომპანია სარგებლობს და თავიანთი თვიური შემოსავალი 50-60%-ით გაზარდეს.“ - განმარტავს გეგა წურწუმია.

აქვე შეგახსენებთ, რომ სტარტაპი 2020 წელს შეიქმნა და ის ტრანზაქციების ინოვაციური ციფრული პლატფორმაა, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის ბიზნესს გადახდების ონლაინ მიღების მრავალფუნქციური პლატფორმით უზრუნველყოფს.

ინფორმაციისთვის, Payze ამჟამად 35 ადამიანს ასაქმებს, აქედან 20 კადრი ტექ-გუნდშია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები