მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფი ჰოლდინგის" კომპანიამ უდაბნოში ნუშის გადამმუშავებელი საწარმო აამოქმედა - ინვესტიცია $15 მილიონია

6374e8200cdc5
ვიქტორია მღებრიშვილი
16.11.22 18:12
3485
"აჭარა ჯგუფი ჰოლდინგის" მართვის ქვეშ არსებულმა კომპანია „უდაბნო ჯგუფმა“, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, ნუშის გადამმუშავებელი საწარმო აამოქმედა.

„უდაბნო ჯგუფში“ შემავალი კომპანია „უდაბნო შელინგის“ დირექტორი გოდერძი მეტრეველი BM.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ პროექტი, რომელიც წარმოებას, სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობას მოიცავს, ერთი თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობდა, ამ ეტაპზე კი სრული დატვირთვით მუშაობს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 15 მლნ დოლარია.

1 250 კვ.მ. ფართობზე განთავსებული მეურნეობას საათში 14-15 ტონა ნუშის პირველადი გადამუშავების რესურსი აქვს, ხოლო სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობაში ჯამში 4 500 ტონამდე საქონლის შენახვაა შესაძლებელი. ამ ეტაპისთვის პროექტმა 50 სამუშაო ადგილი შექმნა. თანამედროვე დანადგარების ამუშავებისთვის კი დასაქმებულთა გადამზადება ესპანელი და ამერიკელი სპეციალისტების მიერ მოხდა.

„ქარხნის სიმძლავრე გათვლილია როგორც ფერმერებიდან ნუშის ჩაბარებაზე, ასევე უდაბნოში გაშენებული ნუშის ბაღებიდან მიღებულ მოსავალზე. ფერმერებს ნუშის გადამუშავებასთან დაკავშირებულ სრული სპექტრის მომსახურებას ვთავაზობთ. ეს პროექტი 80%-ით სოციალურია, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში ნუშის გადამამუშავებელი საწარმო შევქმენით, რომელიც ფერმერებს ამ სერვისს სთავაზობს“, - ამბობს გოდერძი მეტრეველი.

დღეისთვის, ნუშის საწარმო ფერმერებიდან საქონლის მიღებას არ მოიცავს, რადგან „უდაბნო შელინგის“ დირექტორის თქმით, ქვეყანაში ნუშის ბაზარი არასტაბილურია, ჩაბარების შემთხვევაში კი კომპანია მაღალი ხარისხის ნუშის ჩაბარებას ითხოვს.

აღსანიშნია, რომ პირველადი წარმოების ამოქმედების შემდეგ „უდაბნო ჯგუფი“ ნუშის სხვადასხვა დასახელების პროდუქტის წარმოების პროექტს ავითარებს.

„ნუშის რძე, ზეთი, ფქვილი, დაფასოებული ნუშის წარმოება - მეორად გადამუშავება ნუშისგან ამ პროდუქტების მიღებას მოიცავს. დღეისთვის ამ პროექტზე მუშაობა დასრულებულია და წარმოების ეს ნაწილი გამართვის ეტაპზეა. დაახლოებით 6 თვის შემდეგ ჩვენ ნუშის პროდუქტების წარმოების დაწყებას შევძლებთ. შედეგად, ჩვენი საწარმო ნებისმიერი სახის კერძო დაკვეთის მომსახურების შესაძლებლობას მოგვცემს, ეს იქნება საცალო ქსელის, რესტორნებისა თუ სასტუმროების მომარაგება მათთვის მოთხოვნადი პროდუქციით“, - უთხრა BM.GE-ს „უდაბნო შელინგის“ დირექტორმა გოდერძი მეტრეველი.

ცნობისთვის: "აჭარა ჯგუფმა" კახეთში, საგარეჯოს რაიონში პროექტ „უდაბნოს“ განხორციელება 2017 წლიდან დაიწყო და ამისთვის 55 მლნ ლარის ინვესტიცია გაიღო. პროექტის ფარგლებში, კომპანია აგრომეწარმეობისა და აგრო-ტურიზმის განვითარებას მოიცავს, სადაც ვენახის, ნუშის და კენკრის ბაღები გაშენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები