მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადგილობრივ ფერმერებს თურქული პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ" - "მომავლის ფერმერი"

645f442df3e33
თინათინ ნატმელაძე
13.05.23 13:22
721
"როდესაც ჩვენთან საადრეო ბოსტნეულის მოსავლის მიღება იწყება, სწორედ ამ დროს ქვეყანაში შემოდის დაბალ ფასიანი თურქული პროდუქცია, რომელსაც ადგილობრივი ფერმერები კონკურენციას ვერ უწევენ", - ამის შესახებ BMG-ის არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელმა, რუსუდან გიგაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივი მოსავლის რეალიზაცია იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი პოლიტიკა აქვთ მეზობელ ქვეყნებს, ამ შემთხვევაში კი თურქეთს საკმაოდ აგრესიული საექსპორტო პოლიტიკა აქვს, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

"ამ პერიოდში ფერმერებს დაბალ ფასად უწევთ გაყიდვა, ხანდახან ძალიან მწვავე ხდება ეს პრობლემა. ამ დროს კი თურქეთში საერთოდ სხვა პირობებში მიმდინარეობს წარმოება, ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებულები არიან, უხვი მოსავალი აქვთ და პლუს ამას არიან სუბსიდირებულები, ექსპორტის საკითხები საკმაოდ წახალისებულია", - ამბობს რუსუდან გიგაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ გამოწვევის გადასაჭრელად საჭიროა, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა ბაზრების დივერსიფიცირებაზე იფიქრონ და ადგილობრივ ბაზართან ერთად ექსპორტზეც გავიდნენ, თუმცა აქაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებები იქმნება.

"აქ გამოწვევებს ვაწყდებით სტანდარტიზაციაში - იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რომელსაც ევროკავშირი გვთხოვს, საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესია, მაგალითად Global Gap-ის დანერგვა ძალიან დიდ რესურსთანაა დაკავშირებული, მაგრამ დანერგვაზე უფრო რთული მისი შენარჩუნებაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკითხში ადგილობრივ ფერმერებს ხელი შეეწყოთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მეწარმეს ექსპორტის პროცესში დაბრკოლებები არ შეექმნას, რადგან მოგეხსენებათ, რომ ბოსტნეული მალფუჭებადი პროდუქტია და ამ გრძელვადიან პროცესებს ვერ უძლებს", - აცხადებს "მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები