„გვაქვს საკმაოდ ძვირი რძე და ვერ უძლებს კონკურენციას შემოსულ, უამრავ სხვადასხვა ნაერთებს, მათ შორის რძის ფხვნილს. მათ შორის ისეთ ფხვნილს, რომლის ხარისხი ძალიან საეჭვოა“,-ამის შესახებ ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელმა რუსუდან გიგაშვილმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ეს რძის სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.ამასთან, სახეზეა ძალიან მკაფიოდ არსებული დარღვევები, რომლის გამოვლენის საშუალებები და მექანიზმები სახელმწიფოს ნაკლებად აქვს.
„თუ სახელმწიფო არ დადებს ხედვას, როგორ უნდა დაიმკვიდროს ნედლმა რძემ ბაზარზე მყარად თავი, თუ არ დაიწყებს უკონტროლო წარმოებების, მათ შორის გაურკვეველი ნივთიერებებით წარმოებული პროდუქტების გამოვლენას, ძალიან გაჭირდება ამ სექტორის განვითარება. ასევე, ზოგადად ტენდენცია, როცა რძის ფერმები იხურება, შეიძლება ისევ გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიაც არ იქნება რა თქმა უნდა გამართლებული.
ძალიან რთულია მდგომარეობა დღეს რძის სექტორში. ფაქტობრივად დღეს ბაზარზე, ძალიან დიდი წილი არის ფხვნილით და მიღებული პროდუქტით ნაწარმოები, მათ შორის ოფიციალურადაც ითქვა, რომ ამოიღო სახელმწიფომ რძის პროდუქტის ნიმუშები, როცა ეტიკეტზე აღნიშნული რძის პროდუქტი არ აღმოჩნდა რძის პროდუქტი და იყო მასში მცენარეული ცხიმი. ფაქტობრივად სახეზე გვაქვს ძალიან მკაფიოდ არსებული დარღვევები, რომლის გამოვლენის საშუალებები და მექანიზმები სახელმწიფოს ნაკლებად აქვს. აღმოჩნდა, რომ არ არსებობს სახელმწიფოში შესაბამისი ტესტები.
ისეთ საოცარ ფორმულებს ქმნიან, იგივე ყველის წარმოებაში, რომ სახელმწიფოსაც უჭირს გამოვლენა. ფაქტობრივად დღეს ბაზარზე, განსაკუთრებით ე.წ სახაჭაპურეებში სარესტორნო ქსელში, ბაზრებში, აღიარებულ ქსელურ მარკეტებშიც კი არის დარღვევები. სახელმწიფოს ძალიან მკაფიოდ აქვს გასაკეთებელი განაცხადი, საით მივდივართ. თუ გვინდა მეტი რძის მწარმოებელი ფერმერი გვყავდეს, ეს მოტივაცია აუცილებლად შესაქმნელია.
გვყავს ფერმერთა ერთი ნაკადი, რომელიც ცდილობს კეთილსინდისიერად იმუშაოს, გადასახადებიც გადაიხადოს, სტანდარტებიც დაიცვას, თუმცა გვყავს მეორე დიდი ნაკადი ე.წ მეწარმეებისა, რომლებიც იატაკქვეშეთში არიან“,-აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.