მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ისეთ საოცარ ფორმულებს ქმნიან ყველის წარმოებაში, სახელმწიფოსაც უჭირს გამოვლენა“ - რუსუდან გიგაშვილი

ყველი

„ძალიან რთულია მდგომარეობა დღეს რძის სექტორში“- განცხადება ამის შესახებ ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელმა, რუსუდან გიგაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ გააკეთა.

როგორც ცნობილია, მომავალ წელს მერძევეობის სექტორის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო 19.5 მლნ ლარს დახარჯავს, რაც 2023 წლის ბიუჯეტს 9.5 მლნ-ით აღემატება. დაფინანსების ცვლილებასთან ერთად იცვლება პროგრამის პირობებიც.

გიგაშვილი მიესალმება სახელმწიფოს ნებას, მეტი დაფინანსება მიმართოს სექტორში, თუმცა მისი თქმით, დარგში ბევრი პრობლემებია, რაც სახელმწიფო მხრიდან კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს.

„უფრო კომპლექსურად არის დასანახი, საით მივდივართ. თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს მეტი ნედლი რძე და ეს არის ამ დაფინანსების მიზანი, მაშინ რას ვუპირებთ ამ მიღებულ რძეს? ჩვენს შემთხვევაში, როცა გვაქვს საკმაოდ ძვირი რძე და ვერ უძლებს კონკურენციას შემოსულ უამრავ სხვადასხვა ნაერთებს, მათ შორის რძის ფხვნილს, მათ შორის ისეთ ფხვნილს, რომლის ხარისხი ძალიან საეჭვოა, მიღებული რძე სად უნდა წავიღოთ?!

დღეს ეს გამოწვევა ძალიან მკაფიოდ დგას ქვეყანაში. ამის პარალელურად თუ სახელმწიფო არ დადებს ხედვას, როგორ უნდა დაიმკვიდროს ნედლმა რძემ ბაზარზე მყარად თავი, თუ არ დაიწყებს უკონტროლო წარმოებების, მათ შორის გაურკვეველი ნივთიერებებით წარმოებული პროდუქტების გამოვლენას, ძალიან გაჭირდება ამ სექტორის განვითარება. ასევე, ზოგადად ტენდენცია, როცა რძის ფერმები იხურება, შეიძლება ისევ გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, ეს სახელმწიფო სუბსიდიაც არ იქნება რა თქმა უნდა გამართლებული“,-აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.

მისი თქმით, ბაზრის დიდი წილი ე.წ მშრალ რძეს ანუ რძის ფხვნილს უჭირავს, რომლის შემცველობაც ასევე საეჭვოა. სახელმწიფოს კი ამის კონტროლის და გამოვლენის მექანიზმები არ აქვს.

„ძალიან რთულია მდგომარეობა დღეს რძის სექტორში. ფაქტობრივად დღეს ბაზარზე, ძალიან დიდი წილი არის ფხვნილით და მიღებული პროდუქტით ნაწარმოები, მათ შორის ოფიციალურადაც ითქვა, რომ ამოიღო სახელმწიფომ რძის პროდუქტის ნიმუშები, როცა ეტიკეტზე აღნიშნული რძის პროდუქტი არ აღმოჩნდა რძის პროდუქტი და იყო მასში მცენარეული ცხიმი. ფაქტობრივად სახეზე გვაქვს ძალიან მკაფიოდ არსებული დარღვევები, რომლის გამოვლენის საშუალებები და მექანიზმები სახელმწიფოს ნაკლებად აქვს. აღმოჩნდა, რომ არ არსებობს სახელმწიფოში შესაბამისი ტესტები.

ისეთ საოცარ ფორმულებს ქმნიან, იგივე ყველის წარმოებაში, რომ სახელმწიფოსაც უჭირს გამოვლენა. ფაქტობრივად დღეს ბაზარზე, განსაკუთრებით ე.წ სახაჭაპურეებში სარესტორნო ქსელში, ბაზრებში, აღიარებულ ქსელურ მარკეტებშიც კი არის დარღვევები. სახელმწიფოს ძალიან მკაფიოდ აქვს გასაკეთებელი განაცხადი, საით მივდივართ. თუ გვინდა მეტი რძის მწარმოებელი ფერმერი გვყავდეს, ეს მოტივაცია აუცილებლად შესაქმნელია.

ფაქტობრივად გვყავს ფერმერთა ერთი ნაკადი, რომელიც ცდილობს კეთილსინდისიერად იმუშაოს, გადასახადებიც გადაიხადოს, სტანდარტებიც დაიცვას, თუმცა გვყავს მეორე დიდი ნაკადი ე.წ მეწარმეებისა, რომლებიც იატაკქვეშეთში არიან“,-აცხადებს გიგაშვილი.

მისი თქმით, დარგში სუბსიდიის გაზრდის ინიციატორები ფერმერთა გარკვეულ ჯგუფებს შეხვდნენ, თუმცა ამ შეხვედრებს არ დასწრებიან არც თავად და არც სხვა დარგობრივი ასოციაციები.

მომავალ წელს მერძევეობის სექტორის ხელშეწყობისთვის 19.5 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც წლევანდელ ბიუჯეტს 9,5 მილიონი ლარით აჭარბებს. პროგრამაში დაზუსტდა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 18-40 წლის ქალები და 18-35 წლის მამაკაცები რძის პირველადი წარმოების კომპონენტში საჭირო თანადაფინანსების 75%-ს, მაგრამ არაუმეტეს 40 000 ლარს მიიღებენ, მაშინ როდესაც სხვა ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსება 65%-ს და არაუმეტეს 40 000 ლარს მოიცავს.

ცვლილებამდე პროგრამის მაქსიმალური პროცენტული წილი ქალებისთვის 80% და არაუმეტეს 30 000 ლარი იყო, მამაკაცებისა და იურიდიული პირებისთვის 60% და არაუმეტეს 30 000 ლარი. 42 ათასიდან არაუმეტეს 25 ათასამდე შემცირდა პროგრამის ფარგლებში ხელოვნური განაყოფიერებისა და ვეტერინარული მომსახურების თანადაფინანსება. რძის მცირე გადამმუშავებელი საწარმოსთვის კი, საჭირო ბიუჯეტის 70%-ის თანადაფინანსება მოხდება, მაგრამ ამ მიმართულებით 1 ბენეფიციარზე არაუმეტეს 31 000 ლარის რესურსი გამოიყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები