საქართველოში ხუთ ჰექტარზე მეტ მიწას მეურნეობათა მხოლოდ 1.5% ამუშავებს. ამის შესახებ საუბარია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში, „საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია 2023“. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი მთლიანი დასაქმების 19.8%-ს შეადგენს. მათგან უმეტესი ნაწილი კი საკუთარ მეურნეობაში – მცირე მიწაზე მუშაობს. ამასთან – საქართველოში მეურნეობათა 73.1% ერთ ჰექტრამდე მიწას ამუშავებს, 25% - ერთიდან ხუთ ჰექტრამდე და მხოლოდ 1.5% ამუშავებს ხუთ ჰექტარზე მეტ მიწას. 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს ნათესი ფართობები 20%-ით შემცირდა. ყველაზე მეტად შემცირდა სიმინდით ნათესი ფართობები. მოსავლის ჯამური მოცულობის კლების მიუხედავად, მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე დადებითია თითქმის ყველა ერთწლიანი კულტურის პროდუქტიულობაში.
რა მიდგომები შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პრობლემების ნაწილი მაინც შემსუბუქდეს ან აღმოიფხვრას? - თემასთან დაკავშირებით BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ "მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი საუბრობს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ კოოპერაციის რეფორმაზე უფრო მეტი იმუშაოს. რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ პროცესში აუცილებელია ინვესტორების მოზიდვაც, თუმცა ეს შეუძლებელი იქნება იქამდე, სანამ მიწის ერთიანი კადასტრი არ იქნება.
„კოოპერაციის რეფორმა ვერ მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს. გამოსავალი გარდა იმისა, რომ კოოპერაციის მიმართულებით ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ არის ის, რომ მიწის რეფორმის კონტექსტში მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ პროცესები და მოვიზიდოთ ინვესტორები. ინვესტორებს ვერ მოვიზიდავთ თუ არ გვექნება მთლიანი მიწის ერთიანი კადასტრი, თუ არ გვექნება მიკვლევადობა, თუ არ იქნება ერთიანი რეესტრი. ეს პროცესი დაწყებულია, თუმცა სანამ არ გავალთ ბოლომდე რთული იქნება უცხოელი ინვესტორები დავაინტერესოთ.
მიწის რეფორმაში ისეთი მექანიზმებია ჩასადები, რომლითაც უცხოელ ინვესტორებს საქართველოში შემოსვლით, მსხვილი ინვესტიციების ჩადებით და ტექნოლოგიების შემოტანით დავაინტერესებთ. ცხადია, მცირე ფერმერებს, რომლებიც სოფლის მეურნეობას წარმოადგენენ, გაუჭირდებათ ტექნოლოგიების დანერგვა, რადგან ეს დიდ ფინანსებს მოითხოვს. ამიტომ, ეს შეუძლებელია თუ არ გაერთიანდებიან“ - ამბობს რუსუდან გიგაშვილი.