„საქართველოს სოფლის მეურნეობა ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ - გასულ კვირას პარლამენტში, 10 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრეს და დოკუმენტიც წარადგინეს. დოკუმენტში მიმოხილულია 2012-2022 წლებში, როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური და ინსტიტუციური პროცესები, აგრარულ სექტორში მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. ასევე ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაახლოების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები.
"მომავლის ფერმერის" დამფუძნებელი რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა დღემდე რჩება გამოწვევები, რომელიც ფერმერების განათლებასთან და დარგში ტექნოლოგიების გამოყენებასთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის დარგში პროფესიული განათლების ხარისხს 10 წლის წინანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, მდგომარეობა ცალსახად გამოსწორებულია, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულების პოზიციონირება ხდება.
“ბოლო 10 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვქონდა, თუმცა ტექნოლოგიებთან მიმართებით გამოწვევები კვლავ რჩება. ტექნოლოგიების მასიური იმპლემენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ მთლიან შიდა პროდუქტში უფრო მეტი ცვლილებები დავინახოთ. უფრო შედეგზე ორიენტირებული იყოს სოფლის მეურნეობა და ტექნოლოგიებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნა და განათლება, იმიტომ რომ განათლების, უნარების და ცოდნის ერთობლიობა ტექნოლოგიებთან ძალიან სინთეზურად არის დაკავშირებული .
არ შემიძლია არ ვაღიარო და არ ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობის დარგების პოპულარიზაცია ნამდვილად დაწყებულია. თუ შევხედავთ, რა გვქონდა წლების წინ დავინახავთ, რომ ფაქტობრივად არ გვქონდა არანაირი საგანმანათლებლო პროგრამა, ძალიან მიძინებული იყო. დღეს ნამდვილად გამოცოცხლებულია, იგივე ვეტერინარიის პროფესიულ პროგრამაზე ყოველთვის გადაჭარბება გვაქვს, მოთხოვნა მაღალია. რაოდენ კრიტიკულები არ უნდა ვიყოთ, უნდა აღვნიშნოთ რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა,”- ამბობს მომავლის ფერმერის დამფუძნებელი რუსუდან გიგაშვილი.