მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან ნედლია“ - რა შენიშვნები აქვს ბიზნესს „სოფლის მეურნეობის“ ახალ კანონპროექტზე?

რუსუდან გიგაშვილი

2025 წლის 1-ელი იანვრიდან სოფლის მეურნეობის სექტორს ახალი მარეგულირებელი კანონი ექნება. „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელზედაც აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად იმუშავა.

დოკუმენტი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის ძირითად პრინციპებს ადგენს და უფლებამოსილი უწყებების კომპეტენციებს განსაზღვრავს. კანონში პირველად გაჩნდება ფერმერის და ფერმერული მეურნეობების დეფინიციები, ასევე შემოვა ფერმერთა რეესტრის წარმოების პრაქტიკაც, ანუ შეიქმნება ყოველწლიურად განახლებადი მონაცემთა ბაზა, რომლის მიზანიც მმართველი ორგანოს მიერ სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება იქნება.

სიახლე იქნება ისიც, რომ დღეს მოქმედი სოფლის განვითარების სააგენტო გადამხდელთა სააგენტოდ ფორმირდება , რომელიც როგორც ბიუჯეტიდან, ასევე დონორებიდან მიღებული დაფინანსების მიზნობრივი გამოყენებისა და კონტროლის ფუნქციას შეასრულებს. კანონით მას ბენეფიციარ სუბიექტთა ინსპექტირების მანდატიც ექნება.

კერძო სექტორის შეფასებით, კანონპროექტი ჯერ ძალიან ნედლია და სხვადასხვა მიმართულებით დახვეწას საჭიროებს. მათ შორის, ახალმა კანონმა მუნიციპალიტეტების როლიც უნდა გაითვალისწინოს, რადგან ფერმერებს ყველაზე ხშირი შეხება სწორედ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან აქვთ.

„აუცილებელი და მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, ვინ არის ფერმერი, რამდენი და რა კატეგორიის ფერმერი გვყავს. ამის არსებობა ყველა ნორმალური, განვითარებული ქვეყნისთვის აუცილებელია, სადაც აქვთ პრეტენზია სოფლის მეურნეობის მიმართულებით რაიმეს შენების და კეთების.

კანონი ჯერ არის ძალიან ნედლი, ალბათ ბევრ კორექტირებებს გაივლის, რადგან შენიშვნები არის, მიმღებლობაც არის. შენიშვნები არის ის, რომ კანონს აქვს განაცხადი, რომ არის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით, თუმცა სოფელთან მიმართებით ჩანაწერები ძალიან მინიმალისტურია და ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი ინფორმაციის შეტანა.

ასევე იქმნება ფერმერთა რეესტრი და მნიშვნელოვანია ვისთვის იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი, რა ტიპის ინფორმაცია გამოვა, რა იქნება საჯარო, რა დახურული. ბევრი კითხვებია და ამ კითხვებზე პასუხებს ალბათ ეტაპობრივად მივიღებთ. მთავარია შენიშვნები იყოს გაზიარებული და ყველას ინტერესი იქნეს გათვალისწინებული.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ამ კანონში ნაკლებად ჩანს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლი. ფერმერი ყველაზე მეტად სწორედ მუნიციპალიტეტთან არის დაკავშირებული და მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა იყოს ძალიან მაღალ დონეზე, რადგან მათ უფრო ზუსტად იციან, რა სჭირდება ფერმერს და ყველაზე მეტად ფერმერი მიმართავს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და ხშირად მათთვის არ არის გათვალისწინებული არაფერი, ხშირ შემთხვევაში ყველაფერი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება და არ არის დელეგირება გაკეთებული გარკვეულ საკითხებზე. ამ კანონმა ამის საჭიროებაც წარმოშვა და შეგვპირდნენ რომ ეს საკითხი იქნება დასმული შესაბამისს რგოლში“,-აცხადებს bm.ge-სთან არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი რუსუდან გიგაშვილი.

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები მომავალი წლის თებერვლიდან დაიწყება. კანონის ძირითადი პრინციპების ძალაში შესვლა 2025 წლის იანვრიდან, ნაწილის - მათ შორის გადამხდელთა სააგენტოს საქმიანობის დაწყება და ფერმერთა რეესტრის წარმოება უკვე 2026 წლიდან არის გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები