"ეს კანონი ყველაზე მეტად ფერმერებს, აგრომეწარმეებს და სპეციალისტებს, ჩვენს ბენეფიციარებს დააზიანებს" - ასე აფასებს "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს "მომავლის ფერმერის" დამფუძნებელი, რუსუდან გიგაშვილი.
ორგანიზაცია, სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობს და მისი ძირითადი დამფინანსებლები USDA-ი და SDC-ი არიან. გიგაშვილი ამბობს, რომ კანონი, ბარიერი იქნება ორგანიზაციებისთვის, რაც საბოლოოდ ყველაზე მეტად ბენეფიციარებს დააზარალებს.
"ჩვენ ვმუშაობთ ამერიკისა და შვეიცარიის მთავრობებთან იმისთვის, რომ ყოველდღიურად უკეთესი პირობები შევუქმნათ ფერმერებს და ზოგადად სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანებს. ამასთან, უკეთესი განათლება მივცეთ ფერმერებს, როცა სახელმწიფო ამას საკმარისად ვერ აკეთებს, ვცდილობთ, ამ საქმეში ჩვენი წილი აგური დავდოთ და ამაში ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვეხმარებიან.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი მნიშვნელოვნად შეაფერხებს მეგობარი ქვეყნებიდან წამოსულ დახმარებებს და ზოგადად, ეს არის მათდამი ნდობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. საბოლოოდ კი, ეს კანონი ყველაზე მეტად ფერმერებს, აგრომეწარმეებს და სპეციალისტებს, ჩვენს ბენეფიციარებს დააზიანებს. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვართ ამ კანონის და მოვუწოდებთ ხელისუფლებას კეთილგონიერება გამოიჩინონ. ახლა, ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენს მეგობრებს ბარიერები შეუქმნან ჩვენი დახმარების პროცესში" - აცხადებს გიგაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იმედი აქვს, [როგორც გასულ წელს, წელსაც გამოჩნდებიან სახელისუფლებო წრეებში ადამიანები, რომლებიც გონებას გაუნათებენ მათ, რომლებსაც ეს სჭირდებათ]
"თემა გამჭვირვალობის შესახებ თითიდან გამოწოვილია. არანაირი პრობლემა არ დგას ამ მიმართულებით. ჩვენი ორგანიზაციის მაგალითზე გეტყვით, ჩვენს ვებგვერდზე ჩვენი მიმდინარე პროექტები მათი დამფინანსებლებით და დონორებით არის გაწერილი. ამასთან, გარდა ჩვენი ანგარიშვალდებულებისა, რის ფარგლებშიც ამას ჩვენს გვერდზე ვდებთ, სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს, შემოსავლების სამსახურს, სტატისტიკის დეპარტამენტს და ა.შ. ვაწვდით ყველა ინფორმაციას. მათ შორის, ატვირთულია ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ჩვენ ვმუშაობთ საგრანტო პროექტების ფარგლებში. არ არსებობს, რამე აინტერესებდეს სახელმწიფოს და ის ინფორმაცია ვერ მიიღოს. რიტორიკა, რომ ვინმეს გამჭვირვალობა არ უნდა და დეკლარაციის შევსების წინააღმდეგია გაუმართლებელია. მათ ისედაც ყველა დამფინანსებელი იციან. რა საჭიროა დაღის დასმა? გაურკვეველია საით მიდიან და რა ინტერესები აქვთ. არც მინდა ჩავუღრმავდე ამ თემას...
ვფიქრობ, როგორც გასულ წელს, წელსაც გამოჩნდებიან სახელისუფლებო წრეებში ადამიანები, რომლებიც გონებას გაუნათებენ მათ, რომლებსაც ეს სჭირდებათ იქნება წელსაც და რაციონალური გადაწყვეტილება მიღებული.
ჩვენს სექტორზე ვიტყვი, ხშირად სახელმწიფოს და ჩვენს ორგანიზაციას ერთი დონორი გვყავს. სახელმწიფოს გაცილებით დიდ თანხებს აძლევენ დარგის განვითარებისთვის და თუ შეიზღუდება არასამთავრობო სექტორის დაფინანსება, დონორები ცხადია, რაღაც პერიოდის შემდეგ, სახელმწიფოსთვის დაფინანსებასაც შეზღუდავენ", - თქმა გიგაშვილმა BM.GE-სთან.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და მისი წევრი გაერთიანებები პარლამენტს მოუწოდებენ არ დაუშვან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის დარგის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესგაერთიანება განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ხელმომწერებს შორისაა " მომავლის ფერმერი".