მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგროპროდუქტი" სოუსების საწარმოო ხაზს აამოქმედებს - სად გაიყიდება "პოპორელის" სოუსები?

649056904a68e
თინათინ ნატმელაძე
25.06.23 15:50
686
კომპანია "აგროპროდუქტმა", რომელიც წლებია სხვადასხვა სახის პროდუქციას, მათ შორის დასალევ ხილსაც "კეთილი და პატიოსანის" სახელწოდებით აწარმოებს, ახალი საწარმოო ხაზს სულ მალე აამოქმედებს, რომელიც სოუსების წარმოებას მოიცავს. ახალი პროდუქტი ბაზარზე "პოპორელის" სახელწოდებით იქნება წარმოდგენილი. 

"საქმიან დილასთან" საუბრისას კომპანიის მმართველი პარტნიორი სოსო მანჯავიძე ყვება, რომ ქვეყნის მასშტაბით ქართული, ტრადიციული სოუსების რეცეპტები შეაგროვეს, პირადი სახსრებით დააფინანსეს ექსპედიცია, ჩართეს გასტროექსპერტები და შეფები, შედეგად კი ისეთი განსხვავებული სოუსები მიიღეს, როგორიცაა ალუბლის სოუსი, ჭარხლის და ტყემლის ნაზავი, მწვანე და წითელი წიწაკის სოუსი და ასე შემდეგ.

კომპანიაში აკონკრეტებენ იმასაც, რომ "პოპორელის" ხაზის წარმოება ძველი საწარმოო სიმძლავრეების ბაზაზე დაიწყება, ამიტომ დამატებითი ფინანსური რესურსის საჭიროება ამ კუთხით არ ჰქონიათ.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ქართული სოუსების წარმოების დეფიციტი გვაქვს. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს კომპანიას პიურეების ძალიან დიდი ასორტიმენტი - დაახლოებით 22 სახეობის პიურე გვაქვს, ამ მიმართულებით გაკეთების იდეა გაგვიჩნდა. ამ ეტაპზე ტექნიკური დეტალების მოგვარების პროცესში ვართ და წარმოება, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება. 

საექსპორტოდ საკმაოდ საინტერესო პროდუქციაა. ამ წამოწყებას უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა, დაინტერესდნენ ევროპიდან და ამერიკიდან", - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

რაც შეეხება წარმადობას, კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე წლიურად ერთი მილიონი ბოთლის წარმოებას გეგმავენ, რომელიც ადგილობრივ რითეილ ქსელებში რეალიზდება, სამომავლოდ კი ეს რაოდენობა გაიზრდება. 

აღსანიშნია, რომ კომპანია ახალი პროდუქციის შესაქმნელად ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, თუმცა ამჟამად უკვე აქვთ საკუთარი ნაკვეთები, სადაც ბაღების გაშენებას და საჭირო პროდუქციის 70%-ის თავად წარმოებას გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები