მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არცერთი არ დატოვო, ყველა გაუშვი სამსახურიდან“ - ირაკლი ზარქუა ქვრივიშვილს

61af433594403
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.21 16:22
8517
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აუდიტის პერიოდში კომპანიაში რიგი დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, ეს როგორც ნებართვის გარეშე საინჟინრო ხელშეკრულებისთვის გაწეულ დიდი ოდენობით საბიუჯეტო ხარჯვას, ასევე ამ წლებში კომპანიის ხელმძღვანელის მიერ შრომითი ანაზღაურების გაზრდის ფაქტებს და სხვა დარღვევებს შეეხებოდა.

დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განხილვის თემა სწორედ ეს ანგარიში იყო, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ზემდგომ უწყებას - ეკონომიკის სამინისტროს დარღვევების აღმოფხვრის რეკომენდაციები წარუდგინა, რომელთა შორის უპირველესი კომპანიის სტრატეგიიის და მართვის გეგმის შემუშავებაა. განხილვაზე მყოფმა პირებმა მთის კურორტების კომპანიაში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.

"ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ კი შეხვედრაზე მყოფ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს აუდიტის სამსახურის შემდეგ დამატებითი რეკომენდაცია მისცა.

„სახეზეა დარღვევების ბუკეტი... ისეთი ქაოსი იყო, რომ პირმა დიზელი ისე გაიტანა, ეგონა, დაუსჯელი დარჩებოდა, პროკურატურამ საქმე აღძრა და დაკავებულია ის პირი, მაგრამ ამის მცდელობა რომ ჰქონდა, ეს იმას ნიშნავს თუ რა ქაოსი იყო მაშინ...

აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ერთი რეკომენდაცია მინდა დავამატო - ის პირები, ვინც ამ პერიოდში კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყვნენ და ევალებოდათ მონიტორინგი, არცერთი არ დატოვო ყველა გაუშვი სამსახურიდან. თუ ვინმე გადაგეღობება წინ, აგერ ვართ ყველანი და გვერდში დაგიდგებით. ეს კომპანია, რომელიც ფულს უნდა წერდეს ბიუჯეტისთვის, დოტაციაზე გვყავს“, - მიმართა ირაკლი ზარქუამ მარიამ ქვრივიშვილს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ კი „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს „მძიმე და სამარცხვინო“ უწოდა და აღნიშნა, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე თანხების ასეთი განკარგვა არ უნდა ხდებოდეს. დეპუტატმა ამის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მიმართა:

„ერთ რამეს ვიტყვი, მარიამი მეცოდება, ამ დოკუმენტის შემდეგ. საიდან უნდა დაიწყოს?! ელემენტარული წესდების სტრატეგიაც არ არის განხორციელებული და ა.შ. კარგია, რომ აუდიტის ანგარიში სახელმძღვანელოდ გექნებათ და მას ჩვენ გავყვებით... მინდა, გამძლეობა გისურვოთ მარიამ. ვიცი, რომ ყველაფერს კარგად გააკეთებ და ჩათვალე, რომ ჩვენი გუნდი თქვენს სამინისტროსთან, დარგთან და მიმართულებასთან ერთად იქნება. ასეთი მიღწევები გაქვთ... ძალიან ცოტა ხნის წინ წახვედით პარლამენტიდან და ქვეყანა უკვე ძალიან მაღალ საფეხურზე აიყვანეთ. გისურვებთ წარმატებებს, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები