არემჯიმ საქართველოსა და მსოფლიოს სამთო მეცნიერებათა აკადემიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
27-30 აპრილს გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი სამთო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის უმაღლესი საბჭოს სხდომებს მასპინძლობდა. შეხვედრებს ამ დარგის მსოფლიო და საქართველოს აკადემიების პრეზიდიუმის წევრები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები არემჯის საწარმოო ტერიტორიასაც ესტუმრნენ.
სამთო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის საქმიანობა სამთო დარგში გეოლოგიის მიმართულებით არსებული პრაქტიკის გაზიარებასა და სხვადასხვა კომპლექსური პროექტებისა თუ საკითხების გადაჭრისკენ არის მიმართული.
„სულ ახლახან შეიქმნა სამთო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების სამთო მეცნიერების წარმომადგენლები ერთიანდებიან, აკადემიის პირველი სხდომა კი თბილისში გაიმართა.
ჩვენს ქვეყანას სამთო-მომპოვებელი ტექნოლოგიებისა და მეცნიერებების განვითარების მიმართულებით დიდი ისტორია აქვს, ამიტომ ზემოაღნიშნულის პარალელურად, საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიაც ჩამოყალიბდა. საბჭოს ფორმატში ჩატარებულ არჩევნებზე აკადემია ქართველი წამყვანი სამთო მეცნიერებისგან დაკომპლექტდა.“ - ნიკოლოზ ჩიხრაძე, საქართველოს სამთო აკადემიის პრეზიდენტი.
ქვემო ქართლის მადნიანი რეგიონის სპეციფიკის, საწარმოს მიდგომებისა და სამომავლო გეგმების გაცნობის შესახებ ინფორმაცია სტუმრებს არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ გააცნო, რის შემდეგაც მოეწყო გაცნობითი ტური საწარმოს ტერიტორიაზე.
„ჩემთვის გულწრფელად ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად მოულოდნელი სიახლე იყო, როცა გავიგე, რომ ასეთი გაერთიანება შეიქმნა, რადგან ეს ერთმნიშვნელოვნად საჭირო რამაა არა მარტო ჩვენი წარმოების, არამედ მთლიანად საქართველოს მძიმე მრეწველობის დარგისთვის. გამიხარდა, როცა აკადემიის წევრებმა გამოხატეს სურვილი დაეთვალიერებინათ წარმოება და თავად გაცნობოდნენ თუ როგორ იმართება პროცესები, რა ახალი ტექნოლოგიებია დანერგილი, მოენახულებინათ განახლებული სპილენძის გამამდიდრებელი ქარხანა და ბექთაქარის თანამედროვე მიწისქვეშა საბადო.
აკადემიის შექმნა ახალი მამოძრავებელი იქნება იმისთვის, რომ სამთო-გეოლოგიურ საქმიანობაში ჩართული ყველა ინსტიტუტი გაერთიანდეს და ერთმანეთთან აზრთა და გამოცდილებათა გაცვლით, ტექნოლოგიურ, დამუშავების, გეოლოგიურ თუ სამეცნიერო შესწავლის ნაწილში ერთმანეთს გაუზიარონ პრაქტიკა, რჩევები და კონსულტაციები", - განაცხადა ჯონი შუბითიძემ, არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა.
არემჯის სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომელიც ბოლნისის რაიონში 1975 წლიდან ამუშავებდა მადნეულს, 2022 წელს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განახლდა და ახალი სახით, ექსპლუატაციაში 2023 წლის პირველ კვარტალში ჩაეშვა, ბექთაქარის მაღარო კი მიწისქვეშა ტიპის, თანამედროვე ტექნოლოგებით განხორციელებული სამთამადნო პროექტია.
შეხვედრაზე არემჯის აღმასრულებელ დირექტორს, ჯონი შუბითიძეს, საქართველოს სამთო სამეცნიერო აკადემიის საპატიო წევრის სიგელი გადაეცა.
(რ)