მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არის პროექტები, სადაც შესაძლებელია სახელმწიფომ დროებით აიღოს ლიდერშიპი" - თურნავა

60868e2e4ccda
ინგა მურუსიძე
26.04.21 14:00
634
"მთლიანობაში მთელი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ პანდემიის პერიოდში კერძო სექტორმა შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა და რეზერვები იმისთვის, რომ განვითარდეს და უფრო სწრაფად აღდგეს ჩვენი ეკონომიკა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ bm.ge დაინტერესდა, თუ რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს იმ ფონზე, როცა ბოლო პერიოდში დაარსდა სახელმწიფო სამკერვალო, სამხედროებისთვის ბინებს უტენდეროდ აშენებს სახლმწიფო სამშენებლო კომპანია, დღეს კი 500 მილიონიანი რეგიონების განახლების პროექტი დაანონსდა. სად ხედავთ ბიზნესის როლს? - ჰკითხა bm.ge-ს ჟურნალისტმა ეკონომიკის მინისტრს.

ნათია თურნავას განცხადებით, წლების მანძილზე და ახლაც სახელმწიფო აშენებს ისეთ ეკონომიკას, სადაც დომინანტი არის კერძო სექტორი, სადაც მნიშვნელოვანია კერძო საკუთრების უფლებების დაცვა და კერძო ინვესტორის უფლებების მხარდაჭერა.

„თუმცა მოგეხსენებათ, სხვადასხვა პერიოდებში ბაზარზე არის სხვადასხვანაირი ვითარება, მაგალითად, როცა მძვინვარებს პანდემია, მთელი რიგი სახელმწიფოები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ წაახალისონ კერძო სექტორი. კერძო სექტორის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება კი არის გაძლიერებული მასშტაბის სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვინაწილებთ რისკებს და ხარჯებს, რაც სხვა შემთხვევაში დააწვებოდა კერძო სექტორს. ნორმალურ ვითარებაში კერძო სექტორი ამას აიღებდა თავის თავზე, მაგრამ პანდემიის გამო, როცა ეკონომიკა შემცირდა და რისკები გაეზარდა კერძო სექტორს, ეს შეუძლებელია.

სწორედ ამიტომაც, თითოეული ჩვენი ჩადებული ლარი, თუნდაც გზების მშენებლობაში, ურბანული ცენტრების განვითარებაში, თუნდაც გაზიფიკაციაში მოიტანს ათობით ლარს კერძო სექტორის მხრიდან. ანუ მინიმუმ 1/10-თთან მოხდება თანხების ჩადება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამას გარდა, მთავრობამ პრივატიზაციის უპრეცედენტო პროგრამა წამოიწყო.

„ვაკეთებთ გაჩერებული ობიექტების განსახელმწიფოებრიობას, რომელიც არ ემსახურება ეკონომიკას, არ ემსახურება დასაქმებას და ამას გადავცემთ კერძო სექტორს, თუმცა არის პროექტები, რომელშიც ეფექტიანობიდან და სისწრაფიდან გამომდინარე შესაძლებელია სახელმწიფომ აიღოს დროებით ლიდერშიპი. შეიძლება, სწორედ ასეთ პროექტებზე საუბრობდით თქვენ, მაგრამ მთლიანობაში მთელი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ პანდემიის პერიოდში კერძო სექტორმა შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა, შეინარჩუნოს რეზერვები იმისთვის, რომ განვითარდეს და უფრო სწრაფად აღდგეს ჩვენი ეკონომიკა“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები