მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არსებულ ლიფტებს 25-წლიანი ექსპლუატაციის ვადა 90-იან წლებში გაუვიდა... უნდა მოხდეს დემონტაჟი"

63c3e9eec4471
ლიკა მეგუთნიშვილი
15.01.23 16:07
2545
სახელმწიფომ უნდა მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილება და ლიფტები, რომელთა ექსპლუატაციაც არ შეიძლება - დალუქოს - ამის შესახებ ტვ პირველთან ინტერვიუში მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია იმ ლიფტებზე, რომლებიც თბილისში გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და მათი საექსპლუატაციო ვადა უკვე გასულია.

„ლიფტები დაახლოებით 25-წლიანი საექსპლუატაციო ვადით იწარმოებოდა და ამ 25 წლის განმავლობაში მათ მიმდინარე და კაპიტალური რემონტები სჭირდებოდათ. მაგალითად, თუ ავტომანქანას ყოველ 10 000 კმ-ის გავლის შემდეგ სჭირდება ზეთის გამოცვლა, შემდეგ სამუხრუჭე ხუნდებისა და ე.წ. „ტროსის“ გამოცვლა, ასევეა ლიფტიც. მას მუდმივად სჭირდება ელექტრო კონტროლი, რევიზია, ზეთის გამოცვლა და კაპიტალური შეკეთება. ამასაც, რასაკვირველია, თავისი ვადა აქვს და 25 წელი რომ გავა, ეს ლიფტი უკვე უვარგისია. რჩება მხოლოდ შახტი და ე.წ. „მმართველი რელსები“. ეს 25 წელი უკვე გავიდა 90-იან წლებში. ამის შემდეგ კიდევ 25 წელი გავიდა და ეს ვადაგასული ლიფტები არ შეკეთებულა. ეს არის წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობა. არ შეიძლება ამ ლიფტებში შესვლა. უნდა მოხდეს მათი დემონტაჟი და გაკეთდეს ახლები“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

მისივე თქმით, ლიფტების შეკეთება მოსახლეობის პირადი პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მათ არა ბიუჯეტის ფულით, არამედ თავიანთი პირადი სახსრებით უნდა უზრუნველყონ.

ცნობისთვის, 14 იანვარს ვაზისუბანში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 40 წლამდე ცოლ-ქმარი დაიღუპა. გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ცოლ-ქმარმა ლიფტი გამოიძახა, მისი მოსვლის შემდეგ კი კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები