მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Asus-ის ტექნიკის გერმანელ მომხმარებელს ქუთაისიდან ვემსახურებით“ – Majorel Georgia

64b508894d4e6
ვიქტორია მღებრიშვილი
17.07.23 23:32
906
ბიზნეს პროცესების მართვის აუთსორს კომპანია Majorel Georgia, გერმანულ კომპანიებსა და მომხმარებელს ქუთაისიდან ემსახურება.

საერთაშორისო კომპანია Majorel-ი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა და დღეს უკვე 2 600 სამუშაო ადგილით ქვეყნის სამი დიდი ქალაქიდან თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს სხვადასხვა ბიზნეს პროცესის მართვის სერვისებს სთავაზობს.

Majorel Georgia-ს გენერალური დირექტორი ალექსანდრ მირონენკო გადაცემა "Forbes-ის კვირაში" კომპანიის რეგიონებში განვითარების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიის მომსახურებაში გერმანულენოვან ნაწილს უდიდესი წილი უკავია და დღეისთვის Majorel Georgia გერმანულად მოსაუბრე ათასზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. მისივე ინფორმაციით, გერმანელი მომხმარებლის მომსახურებას კომპნია ქუთაისიდან აქტიურად ახორციელებს.

„ჩვენთვის, ქუთაისი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ვერ ვიტყოდი, რომ ადგილობრივ ბაზარზე პირველები ვართ, რადგან გარემოს სრულად არ ვიცნობ, თუმცა ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო კომპანია ვართ, რომელიც ქუთაისში ასე მასშტაბურად გამოჩნდა. პროცესი საინტერესო იყო, რადგან თავიდან, საოფისე ფართსაც კი ვერ ვპოულობდით, მაგრამ ჩვენი უძრავი ქონების აგენტი, ზურაბ ერისთავი და კომპანია "რენტალსი" ძალიან დაგვეხმარა და ფართი გვაპოვნინა, რომელიც A კლასის შენობა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ასეთად ის ჩვენ ვაქციეთ.

საინტერესო პროცესი იყო. დაახლოებით ორი ათასი კვადრატული მეტრი ავითვისეთ, სადაც ულამაზესი ოფისი ავაშენეთ. ამ ეტაპზე ქუთაისში 300-მდე თანამშრომელი გვყავს, რომლებიც ორი გერმანულენოვანი ბრენდისთვის მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანის სახელს, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ ის ვიწროპროფილური მცირე ბიზნესია. მეორე კომპანია კი - Asus-ია, რომელსაც ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ გერმანელ მომხმარებელს დახმარება სჭირდება, თანამშრომელი ვალდებულია იცოდეს არამხოლოდ ენა, არამედ ერკვეოდეს ტექნიკურ საკითხებშიც.

ყველაფერი ქუთაისიდან ხდება. მაგალითისთვის, გერმანელი მომხმარებელი, რომელსაც Asus-ის ტექნიკასთან პრობლემა აქვს, დახმარებისთვის ქუთაისში რეკავს. წარმოიდგინეთ, რამდენადაა მსოფლიო ერთმანეთთან დაკავშირებული“, - აღნიშნა მირონენკომ.




ცნობისთვის, „მეიჯერელ საქართველომ“ მსოფლიო ბაზარზე კომპიუტერებსა და სხვადასხვა სახის სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებელ Asus-თან თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო.
Asus-ის ტექნიკური უზრუნველყოფის პროექტი 2019 წლის ნოემბერში, 2 კვირიანი ტრენინგების შედეგად დაინერგა, რომელიც Asus-ის წარმომადგენლებმა ქუთაისის ოფისში ჩაატარეს. შედეგად, კომპანიის გუნდი გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის ბაზარზე მყოფ Asus-ის მომხმარებლისთვის ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები