მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა" ძალაში სავარაუდოდ, 2024 წლიდან შევა

64340e62cf63f
ელენე გოგბერაშვილი
10.04.23 22:00
2241
"ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად რამდენიმე კვირაში წარედგინება. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღება დიდი ალბათობით, საგაზაფხულო სესიაზე მოესწრება. მისი ამოქმედების ვადები სამსჯელოა, თუმცა სავარაუდოდ 2024 წლიდან შევა ძალაში.

„ამჯერად ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად საბოლოო ვარიანტზე ვმუშაობთ. საკმაოდ წინ ვართ წასული. მგონია, რომ 2-3 კვირაში საბოლოდ [პროექტი] დასრულდება იმ დონეზე, რომ წარედგინება მთავრობას და მალევე პარლამენტს განხილვებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მისი მიღება საგაზაფხულო სესიაზე მოესწრება, ამუშავება სამსჯელო საკითხია, სავარაუდოდ 2024 წლიდან [ამოქმედდება]“,-აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

სადაზღვევო სექტორი „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღებას უკვე რამდენიმე წელია ელის. პარლამენტში  კანონპროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს დარეგისტრირდა, თუმცა მისი განხილვა შეჩერდა. უახლოეს მომავალში ეკონომიკის სამინისტრო საკანონმდებლო ორგანოში კანონის გადამუშავებულ ვერსიას დააინიცირებს. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნაა.

უცნობია, რა იცვლება კანონპროექტის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე არც პრემიის მოცულობის შესახებ საუბრობს.

კანონპროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, სადაზღვევო პრემიის მოცულობა ტრანსპორტის კატეგორიების მიხედვით განსხვავებული იყო. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური მაქსიმალური სადაზღვევო პრემია, რისი გადახდაც მოქალაქეებს სავალდებულო წესით მოუწევდათ, მაქსიმუმ 150 ლარით იყო განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები