მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს" - ირაკლი იზორია

62e80cc59f7f8
ალა ისპირიანი
02.08.22 00:14
11606
ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორის თქმით, ინსპექტირების რეფორმა „ჩავარდნის პირასაა“. როგორც ირაკლი იზორია „საქმის კურსში“ ამბობს, უპირველესად არსებული ავტოპარკი უნდა განახლდეს და პარალელურად ხელი უნდა შეეწყოს ქვეყანაში ახალი ავტომობილების შემოყვანას.

„ინსპექტირების რეფორმა მიზნად ისახავდა, რომ საქართველოში ტექნიკურად გამართული და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები ყოფილიყო. თუმცა რეფორმა ჩავარდნის პირასაა. ამის აღსრულება, მითუმეტეს რეგიონებში, არ ხდება. კარგია თუ საქართველოში ახალ ავტომობილებს შემოვიყვანთ, მაგრამ ავტოპარკი ჯერ ადგილზე უნდა გავაახალგაზრდაოთ“, - ამბობს იგი.

იზორიას თქმითვე, ამ მიმართულებით აუცილებელია კანონმდებლობის დონეზე განახლება.

„სამთავრობო ინიციატივა უნდა წამოვიდეს და ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით კანონმდებლობაც უნდა შეიცვალოს. ჩვენი მეზობელი ქვეყნები მოძველებული ავტომობილების შეყვანაზე წლებია უკვე სანქციებს აწესებენ. მაგალითად, აზერბაიჯანში აკრძალულია 10 წელზე უფრო ძველი ავტომობილების შეყვანა. თუ გვინდა ავტოპარკის განახლება, რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილები უნდა შემოვიყვანოთ, მაგრამ მთავრობამაც უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ ჩვენს მოქალაქეებს ხელი შევუწყოთ ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების შემოყვანაში“, - აცხადებს ირაკლი იზორია.

მისი მოსაზრებით, აუცილებელია სახელმწიფომ ავტომობილების სუბსიდირებას ხელი შეუწყოს.

„სახელმწიფო ადამიანებს უბიძგებს გაცილებით ახალგაზრდა ავტომობილები შემოიყვანონ, ვიდრე 15 და 20 წელს მიღწეული. ჩვენნაირმა განვითარებადმა ქვეყნებმა ამ მიმართულებით აკრძალეს ავტომობილები ასაკის მიხედვით და ასევე, სუბსიდირებისკენ გადადგეს ნაბიჯები, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ახალ ავტომობილს შეიძენს ადამიანი, გარკვეული თანხა მას სახელმწიფოს მიერ უფინანსდება, რადგან სახელმწიფოს ე.წ „მწვანე პოლიტიკის“ სატრანსპორტო დოკუმენტი აქვს შექმნილი და ეს ყველაფერი იქაა გაწერილი.

ჩვენს მთავრობასაც უნდოდა „მწვანე სატრანსპორტო სისტემების განვითარებაზე“ დოკუმენტი შეექმნა, თუმცა ეს 2013-14 წლებში იყო და ამის შემდეგ ძვრა არ ყოფილა. თუ ამ მიმართულებით არ ვიმუშავებთ, ჩავთვალოთ, რომ საქართველო მეორადი ევროპული მეორადი ავტომობილების სასაფლაოდ ვაქციეთ. ამიტომ ჯობია ახალი ინიციატივები წამოვიდეს“, - აღნიშნავს იგი.

მისივე თქმით, ზემოთაღნიშნული რეფორმებისთვის პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილებებია საჭირო.

ინფორმაციისთვის, საქართველოში სულ 1,47 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ამ ავტომობილების 83% 10 წელზე მეტი ხნის წინ არის გამოშვებული. შედარებით ახალი ავტოპარკია რეგისტრირებული თბილისში, სადაც რეგისტრირებული 509 ათასი ავტომობილიდან 10 წელზე უფროსია 380 ათასი ავტომობილი, რაც დედაქალაქის ავტოპარკის 75%-ია. ყველაზე მოძველებული ავტოპარკი გურიაშია რეგისტრირებული, სადაც 37 ათასი ავტომობილიდან 10 წელზე უფრო ძველი 34 ათასი ავტომობილია (92%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები