ბოლო 5 წელიწადში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქვეითად მოსიარულეებზე გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 85%-ით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, თუ 2018 წელს ამ მიმართულებით 33 000-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა, გასულ წელს ეს რიცხვი დაახლოებით 4 600-მდე შემცირდა.
ქალაქი ყოველ წლიურად ფეხით მოსიარულეებზე მორგებული ხდება, თუმცა შერბილებული აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, გზებზე ქვეითის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევების და სიკვდილიანობის სტატისტიკა მაინც მზარდია.
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია ამბობს, რომ აღსრულების მექანიზმი ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. მისი თქმით, ერთია რომ ქალაქი ფეხით მოსიარულეებზე მორგებული ხდება, თუმცა ამ პროცესში არ უნდა დაზარალდნენ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები. როგორც ქვეითის გათვალისწინება ხდება ისე უნდა მოხდეს ავტომობილის მძღოლების უფლებების დაცვაც.
“გარკვეული ცვლილებების შეინიშნება იგივე ზებრა გადასასვლელების მომრავლება. ქალაქი რომ გავხადოთ უფრო მობილური და ფეხით მოსიარულეებს შევუქმნათ კომფორტი ვთავაზობთ მრავალ ზებრას. სხვა საკითხია ტრანსპორტი და მძღოლი, ხშირად მძღოლებს ვადანაშაულებთ ხოლმე რომ არ გვითმობენ გზას, მაგრამ იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფეხით მოსიარულეებზე, რომლებიც ძალიან ბევრს არღვევენ.
ძალიან მოჭარბებულია ფეხით მოსიარულეების გარდაცვალების ფაქტები, მათ შორის არიან ბავშვებიც, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გატარდეს ღონისძიებები. ჩემი აზრით, ღონისძიებებს შორის უნდა იყოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ადრე იყო რომ საპატრულო პოლიცია კი არ აჯარიმებდა, არამედ უბრალოდ ქუჩაში იდგენენ, აფრთხილებდნენ და თუ კიდევ მეორე შემთხვევა იქნებოდა აჯარიმებდნენ.
მსგავსი საინფორმაციო კამპანიები აუცილებელია. თვითონ ქალაქში ზებრა გადასასვლელები კი მრავლადაა, მაგრამ ადამიანების ცნობიერება უნდა ამაღლდეს რომ პასუხისმგებლობა არის თანაზიარი. როგორც მძღოლს აქვს პასუხისმგებლობა ისე აქვს ქვეითს. თანაზიარობის განცდა თუ არ იქნება ძალიან გაგვიჭირდება.
ევროპის ქვეყნებში ჯარიმები ძალიან დიდია, პასუხისმგებლობა არის გაზიარებული. თუ ფეხით მოსიარულის მხრიდან მოხდა დარღვევა და ამ შემთხვევაში მძღოლი დაზარალდება, ავტომობილს დააზიანებს ან თვითონ დაზიანდება, ფეხით მოსიარულე ანაზღაურებს ხარჯებს. ჩვენს შემთხვევაში უმეტესად მძღოლი გამოდის დამნაშავე, რთულია დავამტკიცოთ რომ ფეხით მოსიარულეა დამნაშავე, ამიტომ ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო კუთხითაც უნდა წავიწიოთ წინ და თანაზიარი გავხადოთ ეს პასუხისმგებლობა,“-ამბობს ირაკლი იზორია.
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარია, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამ ქმედებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, ჯარიმის ოდენობა 50 ლარამდე იზრდება.