მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლახან გავიგე, რომ საქართველო ახალი LNG ტერმინალის მშენებლობას აპირებს" - ევროკომისარი

637375fae525d
შოთა ტყეშელაშვილი
15.11.22 15:30
1403
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველო ახალი LNG ტერმინალის მშენებლობას გეგმავს. მისი განცხადებით, ეს ახალ შესაძლებლობას შექმნის ევროკავშირთან ენერგეტიკული კავშირების გაღრმავების მიმართულებით. 

"სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს LNG ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით სიმძლავრეს შექმნის ევროპისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ მიმართულებით შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა და ვნახოთ როგორ შეიძლება გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა,"- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა პროექტის შესახებ საუბრობს ევროკომისარი, რადგანაც მსგავსი პროექტის პრეზენტაცია ამ დრომდე არ შემდგარა. თუმცა, ეს შესაძლოა იყოს ის პროექტი, რომელზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში 24 ოქტომბერს გამართული ვიზიტის დროს განაცხადა. მაშინ, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანი სუფსის ტერმინალის განვითარებას გეგმავდა. თუმცა, თავად ეს ტერმინალი ამჟამად არა გაზის, არამედ ნავთობის ტერმინალს წარმოადგენს. 

"ჩვენ გვაქვს საშუალება და ვაპირებთ, 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ბუნებრივია, ეს განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხები განსახილველი. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ამ მილსადენით გაიზრდება ექსპორტი და კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალიც, ვიცი, რომ არ არის ახლა ქმედითი, მაგრამ გვინდა, დავტივირთოთ ეს არხიც,"- განაცხადა ალიევმა.

კიდევ ერთი შესაძლო პროექტი, რაზეც ევროკომისარი შეიძლება საუბრობდეს არის გაზსაცავის პროექტი, თუმცა ეს უკანასკნელი გათხევადებული გაზის ტერმინალს არ წარმოადგენს, თანაც აღნიშნული პროექტი საქართველოს შიდა მოხმარების დაკმაყოფილებაზე არის ორიენტირებული და არა გაზის საერთაშორისო ტრანზიტზე.

BMG შეეცდება ეკონომიკის სამინისტროში გაარკვიოს უშუალოდ რა პროექტის შესახებ საუბრობდა ევროკომისარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები