წელს, საქართველოს ენერგოსისტემაში არსებულმა გენერაციის შეზღუდვებმა და წყლის დაღვრამ სექტორს, პირველადი გათვლებით, 100 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა. როგორც BMG-სთან ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა აცხადებს, მაის-ივნისის პერიოდში, როდესაც ქვეყანაში იყო წყალუხვობა, ადგილობრივი მოხმარება კი - დაბალი, ელექტროენერგიის გამომმუშავებელი ობიექტების თითქმის ნახევარი იძულებით შეზღუდვაში მოჰყვა.
დავით მირცხულავას განმარტებით, საქართველოს დადგმული სიმძლავრე (თბოსადგურების გამოკლებით) დაახლოებით 3,600 მეგავატს შეადგენს, გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში კი პიკური ადგილობრივი მოხმარება მხოლოდ 1,700-1,800 მეგავატი იყო. საექსპორტო შესაძლებლობების ნაკლებობის გამო, შეზღუდვები შეეხო როგორც ჰიდროსადგურებს, ასევე ქარისა და მზის ენერგიის ობიექტებს. შექმნილი ვითარება უარყოფითად აისახა კერძო ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოზე. დეველოპერები იძულებულნი გახდნენ, გადაეხედათ პროექტების ფინანსური მოდელებისთვის, რადგან გენერაციის შეზღუდვის რისკი მომავალშიც მაღალი რჩება.
„ძალიან დიდი დარტყმა იყო კერძო ბიზნესისთვის, ინვესტიციების კუთხით. თითქმის ყველა დეველოპერმა, რომელიც გარკვეულ პროექტებს აწარმოებს გადახედეს მათ ფინანსურ მოდელებს, იმიტომ რომ ეს შეზღუდვები პერსპექტივაში, ალბათ არ შემცირდება და გაიზრდება. ყოველ შემთხვევაში, ფინანსური მოდელები ახალი მზის თუ ქარის სადგურების - უკვე გაითვალისწინებს ამ შეზღუდვებს. ბანკებიც უკვე ითვალისწინებენ ამას და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ - რათა უზრუნველყოფილი იყოს ბიზნესების ლიკვიდურობა. ეს არ არის კარგი საინვესტიციო კლიმატისთვის - გაძვირდება სესხის მიღება. ამიტომ, აუცილებელია საინვესტიციო კლიმატის დაცვა და ხელშეწყობა, ქართული ენერგეტიკის განვითარებისთვის“, - ამბობს დავით მირცხულავა BMG-სთან.
მისივე თქმით, პრობლემას ამძაფრებს საქართველოს ძირითად საექსპორტო ბაზარზე - თურქეთში არსებული ვითარებაც. თურქეთმა განახლებადი ენერგიების, განსაკუთრებით მზის სადგურების (რომელთა სიმძლავრემ 26,600 მეგავატს გადააჭარბა) სწრაფი განვითარებით, შიდა ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად დასწია. შედეგად, ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში მხოლოდ დღის პიკურ საათებში გახდა შესაძლებელი.
ენერგეტიკოსის განმარტებით, მსგავსი პრობლემებია რეგიონის სხვა ქვეყნებშიც: სომხეთში ადგილობრივი გენერაცია აკმაყოფილებს მოთხოვნას, ხოლო აზერბაიჯანი თავად ფლობს ელექტროენერგიის დიდ სიჭარბეს.
ამიტომ, დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად და მომავალი წლისთვის მსგავსი ზარალის აცილებისთვის გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარდეს.
„ჩვენ გარკვეული წინადადებაც გავაჟღერეთ, რომ იქნებ, იმ პერიოდში, როცა შეზღუდვებია, მაგალითად ექსპორტის მხარდაჭერისთვის ის გადასახადები განულდეს, რაც გადაცემასთან, დისპეტჩერიზაციასთან არის დაკავშირებული. ყველა გადასახადის ჯამური ღირებულება სადღაც 1,7 ცენტია და ნულოვანი გადასახადით მოხდეს ექსპორტი. ეს გარკვეულწილად, გენერაციას შეუწყობს ხელს, რომ მინიმიზაცია მოახდინოს იმ დანაკარგების, რაც მაის-ივნისში და უკვე ივლისშიც არსებობს.
გენერაციის ობიექტები ვითარდება, უამრავი ქარის, უამრავი მზის პროექტია, მათი დამატება გამოიწვევს იმას, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება“ - აცხადებს დავით მირცხულავა.
Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წლის ივნისში ადგილობრივი მოხმარება წლიურად 0.3%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტი 84.3%-ით შემცირდა 0.004 ტვტ.სთ-მდე. შედეგად, ჯამურმა მოთხოვნამ 15.5%-ით იკლო 1.1 ტვტ.სთმდე. ივნისში ელექტროენერგიის კომერციული ექსპორტი არ განხორციელებულა. ერთადერთი ექსპორტიორი იყო ესკო, რომელმაც დააბრუნა ძველი ვალი. ექსპორტის შემცირების მიზეზი თურქეთში ჭარბი გენერაცია იყო, რის გამოც თურქეთმა შეზღუდა საქართველოდან იმპორტი. საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია წლიურად 16.3%-ით შემცირდა. შემცირებული მოთხოვნის ფონზე, საქართველოს ელექტროსისტემას მოუწია გენერაციის შეზღუდვა, მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, მაისის მსგავსად.




























