მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აზიის ბაზარზე ვაქტიურდებით" - Wonderland-ი ტურისტების მალაიზიიდან, ვიეტნამიდან, ტაილანდიდან მოზიდვაზე მუშაობს

648b188c25b9f
თამთა ჯიჯავაძე
17.06.23 16:25
849
ტურისტული კომპანია Wonderland-ი აზიის ბაზარზე აქტიურდება და ახალ მიმართულებებს იმატებს. როგორც Bm.ge-ის კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ქეთი დოჭვირმა განუცხადა, ტუროპერატორი მომავლის პერსპექტივას აზიის მიმართულების გააქტიურებაში ხედავს.

„ჩვენთვის 2023 მნიშვნელოვანია წელია, ვინაიდან პანდემიის შემდეგ უკვე სრულფასოვნად ვმუშაობთ, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს იმ მხრივ, რომ ახალ ბაზრებზე - მნიშვნელოვან აზიის ბაზრებზე გავედით, მაგალითად, მალაიზიის, ტაილანდის, ინდონეზიის, ვიეტნამის ბაზრებზე. აქტიურად თავად ვაწარმოებთ სარეკლამო საინფორმაციო კამპანიებს. კერძოდ, დავდივართ ამ ქვეყნებში და ვაწყობთ მასშტაბურ ვორქშოფებს იქაური ტუროპერატორებისთვის, დაახლოებით ასამდე ტუროპერატორი მოდის ხოლმე ყველა ჩვენს ვორკშოფზე“, - აღნიშნა ქეთი დოჭვირმა და დასძინა, რომ აზიის ბაზარზე გააქტიურების შედეგები კომპანიისთვის უკვე საგრძნობია, ვინაიდან ასობით ტურისტზე ჯავშნები უკვე გაფორმებულია. მისივე თქმით, ბევრ აზიელ ტურისტს კომპანიამ უკვე უმასპინძლა კიდეც, ვინაიდან შეთავაზებები მათთვის თებერვლიდან დაიწყეს.

„უკვე 2024 წლის ჯავშნებსაც ვიღებთ. ერთ კვირაში ვიეტნამში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში ახალი ვორქშოფების ჩასატარებლად მივდივართ. ამის შედეგებსაც შემოდგომიდან ველოდებით. ცნობისთვის, მალაიზიის მიმართულება რამდენიმე წლის წინ პირველად ჩვენ გავხსენით, უბრალოდ წელს აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ამაში უკვე სახელმწიფოც ჩაერთო, შედეგად მომავალი წლის სარეკლამო კამპანიაში მალაიზიაც იქნება“, - აღნიშნა ქეთი დოჭვირმა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საუბარია მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე, -„საკმაოდ შემოსავლიანი სეგმენტია. აზიის ბაზრის შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ ეს არ არის სეზონური, ჩვენი მიზანიც ისაა, რომ საქართველოში ტურიზმი გავხადოთ ოთხივე სეზონზე ორიენტირებული. აზიის ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ტურისტები ინტერესდებიან არასეზონზე, ანუ ზაფხულის გარდა, ნებისმიერ დროს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზაფხულში არ ჩამოდიან, მაგრამ მათთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, როდის იქნება მათი მოგზაურობის თარიღები“.

რაც შეეხება სხვა ბაზრებს, Wonderland-ისთვის წელს აქტიურია ევროპის მიმართულებაც. ამ მხრივ კი კომპანიას ძირითადად პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე აქვთ აქცენტი.

„ჩვენი მთავარი ბაზარი ევროპაში პოლონეთია, სადაც პანდემიამდე ჩარტერული რეისები გვქონდა. ეს ხდებოდა პოლონეთის რამდენიმე ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით. შედეგად ყოველკვირეულად ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა. თუმცა, პანდემიამ ეს რეალობა შეცვალა და მას შემდეგ ჩარტერის გარეშე ვმუშაობთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდა. ძირითადი ჰაბი ახლა გახდა ქუთაისი, ვინაიდან ქუთაისში პოლონეთის რამდენიმე ქალაქიდან არის ფრენა. წელს ჩარტერული რეისები არ განახლდა, და ამის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია. უკრაინა პოლონეთის მეზობელი ქვეყანაა და დიდია გავლენა. თუმცა, მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ აუცილებლად იქნება ჩარტერული რეისები, შესაბამისად, რაოდენობის გაზრდასაც ველოდებით.

რაც შეეხება სხვა ევროპულ ქვეყნებს, ბალტიისპირეთის ქვეყნები ძალიან აქტიურია. ამ ქვეყნებიდან ბევრი სერიული ჯგუფი გვყავს. შესაბამისად ამ ოთხ ქვეყანაში ძალიან კარგად ვმუშაობთ. უბრალოდ აზია ახალია. ძალიან საინტერესო იქნება წლის ბოლოს ამ მხრივ სტატისტიკა", - განაცხადა ქეთი დოჭვირმა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 873 300 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 220 700 ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3%-ს შეადგენს ანუ პირველ კვარტალში შემოსული ვიზიტორების მეოთხედი რუსეთზე მოდიოდა. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობაც რუსეთიდანაა ანუ ერთი ვიზიტორი რამდენჯერმე შემოვიდა პირველ კვარტალში. რეიტინგში მეორე და მესამე ადგილზეა მეზობელი თურქეთი და სომხეთი. ევროკავშირის ქვეყნები კი რეიტინგის ბოლოშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები