მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბარბისა" და "ოპენჰაიმერის" სტარტი თანხებში

64be9a1bdefa1
ირაკლი მოდებაძე
25.07.23 10:35
1620

გრეტა გერვიგის რეჟისორობით გადაღებული ფილმის, "ბარბის" პრემიერამ 2023 წლის რეკორდი მოხსნა და მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა გახდა. "ბარბის" გამოსვლიდან 2 დღეში ფილმის საყურებლად მხოლოდ აშშ-სა და კანადაში, 155 მილიონის დოლარის ბილეთები გაიყიდა, რაც მიმდინარე წლის რეკორდული მაჩვენებელია.

შაბათ-კვირას ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლებით "ბარბიმ" აპრილში გამოსულ The Super Mario Bros. Movie-ს გადაუსწრო, რომელსაც პრემიერის ფარგლებში აქამდე წლის ყველაზე მაღალი, 146.4 მილიონი დოლარის შემოსავალი ჰქონდა.

მიღებული შემოსავლის შედეგად, "ბარბის" პრემიერამ ფილმ "ადამიანი-ობობა: სამყაროთა შორის" რეკორდიც გააუმჯობესა, რომლის გახსნითი კვირის შემოსავალმაც ივნისში 120,7 მილიონ დოლარს მიაღწია.

Box Office Mojo-ს მონაცემებით, გასულ უიკენდზე, "ბარბის" მიერ გლობალურად გამომუშავებულმა თანხამ 337 მილიონს მიაღწია. შედეგად, სადებიუტო უიკენდზე, "ბარბის" შემოსავალმა რეჟისორი ქალების მიერ გადაღებული ფილმების რეკორდიც მოხსნა. ამ დრომდე ყველაზე შემოსავლიან სადებიუტო უქმეებად 2019 წელს, ანა ბოდენისა და რაიან ფლეკის თანარეჟისორობით გადაღებული "კაპიტანი მარველი" მიიჩნეოდა, რომლის შემოსავალმაც $153 მილიონი შეადგინა.

"ბარბისთან" ერთად, იმავე კვირას, კრისტოფერ ნოლანის კინოსურათი "ოპენჰაიმერიც" გამოვიდა, რომლის შემოსავალმაც აშშ-სა და კანადაში 80,5 მილიონი დოლარი შეადგინა, ჯამურად მსოფლიოს მასშტაბით გამომუშავებულმა თანხამ კი 174 მილიონ დოლარს გადააჭარბა. "ბარბისა" და "ოპენჰაიმერის" მეტოქეობის ფონზე, აღსანიშნავია, რომ ორივე ფილმის პრემიერის ბილეთები ერთსა და იმავე დღეს 200 000-ზე მეტმა მსურველმა შეიძინა. ამ ფენომენს ინდუსტრიაში Barbenheimer-იც კი უწოდეს. როგორც კინოკრიტიკოსები აღნიშნავენ, ეს სიმბიოზური კავშირი ორივე ფილმს კიდევ უფრო დიდი წარმატების მოპოვებაში დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები