მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესს უფლება ექნება, EU-ის 27 წევრი ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში მონაწილეობა მიიღოს"

63e67aa97842a
BM.GE
10.02.23 21:49
721
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)“ შეთანხმების, 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გენადი არველაძემ თქვა, რომ უწყება DCFTA-ის მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების და სხვადასხვა მიმართულებით ევროპული სტანდარტების დანერგვის მიზნით აქტიურად მუშაობს.

მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ბიზნესს უფლება ექნება, EU-ის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში მონაწილეობა მიიღოს.

„ნიშანდობლივია, რომ ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი, რის შედეგადაც, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში და ამ ბაზარზე გაუწიონ ღია და სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მან ასევე განმარტა, რომ  საქართველოს მთავრობის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობისაკენ, რაც აისახა 2 თებერვალს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშში, რომლის თანახმად, საქართველო საკმაოდ პოზიტიურად არის შეფასებული, მათ შორის DCFTA-ით გათვალისწინებულ მიმართულებებში.

„მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ ევროკომისიამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესს და მზაობა გამოხატა ამ პროცესში საქართველოს დახმარების გაგრძელების თაობაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძემ დეპუტატებს სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებული კონკრეტული მაჩვენებლები და სტატისტიკა გააცნო. მისი ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან გაიზარდა 29%-ით, 3 912 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 21% შეადგინა. მათ შორის იმპორტი ევროკავშირიდან 32%-ით გაიზარდა და 3 049 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე 20%-ით გაიზარდა და 863 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მონაცემებით ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 71%-ით გაიზარდა და 961 შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის 2021 წლის 29 აპრილიდან ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. „დიაგონალური კუმულაცია“, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა ახორციელებს რიგ მნიშვნელოვან რეფორმებს, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტებს კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც 2022 წელს 430 ხელშეკრულება გაფორმდა. ასევე გრძელდება ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებსა და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები