მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო ერთ წელში კონტრაბანდული საწვავის მოცულობა შემცირებულია" - შემოსავლების სამსახური

648c1f60b18b9
გიგა ბენია
16.06.23 12:56
641
„ბოლო ერთ წელში კონტრაბანდული საწვავის მოცულობა შემცირებულია“, - ამის შესახებ BMG-ის შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ განუცხადა. ვლადიმერ ხუნდაძის თქმით, სატვირთო ავტომობილებით არადეკლარირებული საწვავის შემოტანის საფრთხე რუსეთის ფედერაციიდან და აზერბაიჯანიდან აღკვეთილია.

„ჩვენ ხშირი შეხვედრები გვაქვს ბიზნესთან. ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ბიზნესის მხრიდან საუბარი იყო სატვირთო` ავტომობილების ავზებით [საწვავის] გადმოტანაზე. ეს მიმართულება ბოლო ერთი წელია გავამკაცრეთ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც გავამკაცრეთ. შესაბამისად, მცდელობებმა, რომ ავზით საწვავი გადმოეტანათ, მკვეთრად შემცირდა. არც რუსეთის და არც აზერბაიჯანის მხრიდან ეს პრობლემა არ გვაქვს. ზოგადად, ყველამ იცოდეს, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ არსებობს რისკი“,- განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ.

BMG-ის კითხვაზე, ჩატარდა თუ არა კვლევა, რა მოცულობის კონტრაბანდული საწვავი შემოდიოდა ქვეყანაში და რამდენით შემცირდა ბოლო ერთ წელში არადეკლარირებული საწვავის წილი, ვლადიმერ ხუნდაძემ აღნიშნა:

„მკვეთრად შემცირდა ნიშნავს, რომ რამდენიმეჯერ შემცირდა. მოცულობაც არ იყო დიდი და იმის რამდენიმეჯერ შემცირება მნიშვნელოვანია. სტატისტიკა ყოველთვის უტყუარია და რიცხვები ამბობს იმას, რომ რისკი ამ კუთხით არ არსებობს“, თუმცა რიცხვებს არ ასახელებს.

ცნობისთვის, ბიზნესის ნაწილი რამდენიმე თვის წინ BMG-თან აცხადებდა, რომ საქართველოში აღურიცხავი საწვავი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აღნიშნავდა, რომ საქართველოში თვეში 4-ათასამდე ტონა კონტრაბანდული დიზელი ხვდება.

მიმდინარე წლის იანვარში ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყებას გასულ წელს ქვეყანაში კონტრაბანდული საწვავის შემოტანა არ დაუფიქსირებია. BMG-თვის მოწოდებული ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტი აღურიცხავი საქონლის გამოსავლენად მუდმივად მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები