მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრძოლა გასაგრძელებელია სხვა მექანიზმებით" - ვარლამ გოლეთიანი

62766e0cc23d1
BM.GE
07.05.22 17:11
2335
მას შემდეგ, რაც ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა, ამის აღსანიშნად მოძრაობამ "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დღეს, სოფელ გუმათში შემაჯამებელი აქცია გამართა. „ბრძოლა გასაგრძელებელია სხვა მექანიზმებით და არა კარვით“ - თქვა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ვარლამ გოლეთიანმა.

ადგილზე შეკრებილებს გოლეთიანმა სიტყვით მიმართა და მათ შორის გამოეხმაურა გასულ კვირას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მსხვილ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით.

"იცით, რომ ENKA-მ (ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია) დატოვა რიონის ხეობა. აზრი აღარ აქვს აქ კარვებით დგომას, აქედან გამომდინარე არის დღეს შემაჯამებელი აქცია. მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური ნება არ არის ჯანსაღი და პირიქით, გაუარესებულია, ვიდრე ეს იყო მაშინ, როცა ჩვენ დავიწყეთ პროტესტი. ხელისუფლება ცდილობს პარლამენტის გავლით მოხდეს ისეთი დოკუმენტების შემუშავება, რომელიც ზუსტად იგივეს ტოვებს პროცესს და ამ თვალსაზრისით გაჯანსაღების გზაზე ჩვენ არ დავმდგარვართ, ვგულისხმობ იმას, რომ სამი დიდი ჰიდროპროექტი: ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი... არის ლაპარაკი ამ პროექტების აშენებაზე.

აქ არ არის ახირებულ წინააღმდეგობაზე საუბარი, რომ არ გვინდა ჩვენ ჰესები, ამას ყოველთვის ვამბობთ, რომ არ არსებობს დასაბუთება არცერთი ამ პროექტის და ჩვენი პროტესტის საგანიც ეს იყო.

ერთის მხრივ ხელისუფლება ამბობს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს პროექტები, რომ თუ ეს არ აშენდა ქვეყანა ვერ განვითარდება. ბევრს თავგზას უბნევს ეს არგუმენტი, ვეღარ იგებენ რაშია საქმე, თუმცა საკითხის სირთულეც ამაში მდგომარეობს, რომ იმდენი დეტალისგან შედგება ეს საკითხი, რომ გულისხმობს ფართო განხილვებს, სადაც სპეციალისტები იქნებიან ჩართულნი და თუნდაც ჩვენ, პროტესტის მხარე, რომ ყველა ის კითხვა რაც ისმის, მასზე იყოს პასუხები გაცემული და ამის შემდეგ მოხდეს ნებისმიერი სახის მშენებლობა, თუ ამ მშენებლობას მოაქვს სიკეთე ქვეყნისთვის.

ჩვენ რასაც ვხედავთ, არათუ სიკეთე, პირიქით მოაქვს ნგრევა პირდაპირი მნიშვნელობით"-ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" მხოლოდ ნამახვანჰესის პროექტზე არ ლოკალიზდება და ყურადღებას დაუთმობს ყველა იმ საკითხს, რაც დღის წესრიგში დადგება. 

შეგახსენებთ, საქართველოსა და ENKA Renewables-ს შორის “ნამახვაჰნესის” მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვეტილია. ENKA-ს 2021 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ მათ აღნიშნულის გამო, პროექტზე დახარჯული 40 მილიონი დოლარი უკვე ჩამოწერეს. ENKA-მ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ “ფორს-მაჟორის” გათვალისწინებით საინვესტიციო ხელშეკრულებას გაწყვეტდა, რასაც მოყვა მთავრობის განმარტება, რომ ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ. როგორც ENKA-ს ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობამ ვერ დაარწმუნა კომპანია, რათა კონტრაქტი შენარჩუნებულიყო.

ამასთან,  2021 წლის გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. მთავრობამ გამოაცხადა “მორატორიუმიც” და კომპანიას გარკვეული პერიოდით კაშხლის მშენებლობის დაწყებაც აუკრძალა. აქედან რამდენიმე თვეში ENKA-მ ფორს-მაჟორის და კონტრაქტის პირობების დარღვევის შესახებ განაცხადა და ხელშეკრულების გაწყვეტისთვის დაიწყო მზადება.


სუს-ი ჰესების წინააღმდეგ პროტესტის უკან დაინტერესებულ პირებს ხედავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები