"ხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში ტენდენციას, რომელიც გამოიკვეთა და ნიშნები უკვე ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში 2 მილიონ დოზამდე ვაქცინებია, თუმცა მისი დავალებით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში დამატებითი ვაქცინის დოზების შემოტანაზე.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიტუაცია იყოს მართული და ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საკმარისზე მეტი რაოდენობის ვაქცინები შემოგვეტანა. 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ, დღეს ქვეყანაში არის მილიონი დოზა „ფაიზერი“, დაახლოებით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“ და ჩემი დავალებით ვმუშაობთ მილიონი დოზა „სინოფარმის“ და 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება შემდგომი თვეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, გამოსავალი ამ სიტუაციაში არის აცრები და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისაკენ“, - განაცხადა პრემიერმა.