მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩიზზზის" აჭარული ხაჭაპური, შესაძლოა, იაპონიასა და პოლონეთში გაიყიდოს

6267ea1267d09
მარიამ იზორია
26.04.22 21:20
1597
„ჩიზზზის“ აჭარული ხაჭაპურის ნიმუშები იაპონიასა და პოლონეთში გაიგზავნა.

როგორც bm.ge-სთან სტარტაპის დამფუძნებელმა ნათია ჯგუბურიამ აღნიშნა, იაპონიისა და პოლონეთის ბაზრები „ჩიზზზის“ ექსპორტით არიან დაინტერესებულები.

მისივე თქმით, „ჩიზზზი“ ადგილობრივ ბაზარზეც გაფართოვდა და „გუდვილის“ სამ ობიექტში შევიდა.

„თავად დაგვიკავშირდნენ და ნიმუშების გაგზავნა გვთხოვეს. ჯერჯერობით, უკუკავშირის მოლოდინში ვართ და დანარჩენ დეტალებზე შემდგომ შევჯერდებით. დადებითი მოლოდინი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტის მიმართ დიდი მოწონება გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორ კომპანიას, რომელიც „ჩიზზზით“ დაინტერესდა, საქართველოდან იაპონიაში თაფლი და ჩაი გააქვს.

რაც შეეხება სხვა ბაზრებს, მაგალითად, უკრაინა ჩვენი პროდუქტით იდეის გაჩენის დღიდანვე იყო დაინტერესებული და ჩვენც ამ მიმართულებით გვქონდა გათვლა, თუმცა ომის პირობებში ეს მოლაპარაკება შეჩერდა" - განმარტავს "ჩიზზზის" დამფუძნებელი.

ცნობისთვის: „ჩიზზზი“ ქართული სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად შემცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს. შეფუთვაში ცომთან ერთად მოთავსებულია ყველიც. „ჩიზზზის“ შეძენა 20 ლარად „წერტსა“ და „გუდვილშია“ შესაძლებელი. ამასთან, აჭარული ხაჭაპური „ბოლტზე“ და „ჩიზზზის“ ონლაინ პლატფორმებზეც იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები