მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ გვსურს უკეთ გავიგოთ თუ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში" - სომეხი მილიარდერის პროექტები

61beed601801c
თამთა ჯიჯავაძე
20.12.21 10:15
1722
ბევრ საგანმანათლებლო ინიციატივაში ვარ ჩართული, რადგან ეს ჩემი პრიორიტეტია, - ამის შესახებ სომეხმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, რუბენ ვარდანიანმა გიორგი ისაკაძესთან გადაცემა Forbes Talks-ში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ის არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ავტორია.

„მე საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული სკოლკოვოს ბიზნეს სკოლაში და მენეჯმენტის სკოლაში, რომლითაც ძალიან ვამაყობ, როგორც იდეის ერთ-ერთი შემქმნელი და დამფუძნებელი. რამდენიმე თვის წინ აღვნიშნეთ 15 წლის იუბილე. მე ძალიან ვამაყობ, რომ ამის ნაწილი ვარ. სკოლკოვო არის "მატენას" პროექტის პარტნიორი. მე ვხედავ მნიშვნელოვან სინერგიას ჩვენს სხვადასხვა პროექტებს შორის - რუსეთშიც და რუსეთის გარეთ. ასევე, ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია ბელგიაში, რომელიც დაკავშირებული იქნება პროექტ „მატენასთან“. ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ მთელი ჩვენი რესურსი, რათა დავეხმაროთ სომხებს გახდნენ ლიდერები, ძლიერი, წარმატებული პროფესიონალები, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ვარდანიანმა.

მისივე თქმით, მეორე პროექტი, რომელსაც ახორციელებს, არის კამპანია - „სომხეთში დავაბრუნოთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმოფანტული 50,000 ოჯახი“.

„ეს ის ხალხია, ვისაც სჯერა 'მომავლის სომხეთის', ვისაც სურს იყოს სომხეთის ნაწილი, ვისაც სურს ინვესტიციის ჩადება და საკუთარი დროის დახარჯვა, რაც ყველა ჩვენგანისთვის ყველაზე ღირებული აქტივია. ეს არის დიდი პროექტი, დიდი ამბიციებით, რომელიც ახლახან გამოვაცხადეთ. ვაკეთებთ დიდ კამპანიას სომხების საკუთარ სახლში დაბრუნებაზე.

და მესამე პროექტი იქნება დიდი სტრატეგიული ცენტრის აშენება, რომელიც რეგიონს, მეზობელ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც მოიცავს. ჩვენ გვსურს უკეთ გავიგოთ თუ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორ მივაღწიოთ უფრო მეტ წარმატებას და ასევე ვეცადოთ უკეთ გავიგოთ რა ხდება ჩვენს, მსუბუქად რომ ვთქვა, არც თუ ისე მარტივ მეზობლებთან“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, სომეხმა ბიზნესმენმა, რუბენ ვარდანიანმა მიმდინარე წელს განაცხადა, რომ ის გარდა ბიზნესისა, შედის სომხეთის პოლიტიკაშიც. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება დაახლოებით $1 მილიარდს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები