მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი" - საქართველოს პრეზიდენტი

61fc3126f1796
თამთა ჯიჯავაძე
03.02.22 23:44
640
ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად, თბილისის აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში მხოლოდ რამდენიმე საათით იმყოფება, ის ჩინეთში მიემგზავრება.

"აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი არის ნიშანი იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს.

ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მინდა, საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომელიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება.

ჩვენი სოლიდარობა, სხვათა შორის, არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და რომელიც დღემდე განიცდის ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ.

ვიცი, თუ რაოდენ დიდი არის პოლონეთის სოლიდარობა უკრაინასთან, მხარდაჭერა ყველა მხრივ, რამეთუ ეს არის ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდი ხანია, რაც მხარს უჭერს უშუალოდ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე ჩვენც გვიჭერს მხარს მუდმივად, ამ კუთხით, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენი მადლიერება გამოვხატო, ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორის მიმართ, რომლებიც დღეს ამ ძალიან რთული მოლაპარაკებების დროს არ ივიწყებენ საქართველოს და ყოველი საშუალების დროს ახსენებენ საქართველოს სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ დღეს, ჩვენ ვუჭერთ მხარს მოლაპარაკებებს, ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას, რაც დღეს მიმდინარეობს და ვიცი, რომ ყველა მხრივ მიმდინარეობს მცდელობები, რომ გამოვიდეთ ამ დაძაბული ვითარებიდან, რამეთუ აგრესიას მომავალი არ გააჩნია, შედეგი არ გააჩნია. ეს სამხედრო ქმედებები, ეს ძალის გამოყენება ეკუთვნის წარსულს. ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს დღევანდელ დღეს, ამ გლობალური გამოწვევების წინაშე, თუ არა მოვნახოთ მშვიდობიანი გზები და ვისაც ეს არ ესმის და ვისაც აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, იმას დღეს არ ესმის, როგორი არის 21-ე საუკუნის მსოფლიო.

მინდა გამოვთქვა ჩემი იმედი და რწმენა, რომ უკრაინის სუვერენობა იქნება ბოლომდე დაცული, რომ მოლაპარაკებები, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი არის სრულიად ჩართული, იქნება შედეგიანი და ეფექტიანი. ეს ყველას, ჩვენი საერთო ინტერესია. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს არა მხოლოდ სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები იქნება დაცული ამ მოლაპარაკებებში, არამედ ყველა ჩვენი ინტერესი ამ კონსულტაციებში თუ მოლაპარაკებებში სრულიად დაცული და ამისთვის წინასწარ მინდა ჩვენს პარტნიორებს დიდი მადლობა მოვახსენო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები