საქართველოსთვის ერთა ლიგის ტრიუმფალური ფინალის პარალელურად, ევროპის ჩემპიონატის საგზური პოლონეთისა და უკრაინის ნაკრებებმაც მოიპოვეს. ქალაქ ვროცლავში შედგა უკრაინისა და ისლანდიის ნაკრებების დაპირისპირება, ხოლო კარდიფში ერთმანეთს უელსი და პოლონეთი შეხვდნენ.
პირველმა საგზური უკრაინის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ისლანდიელთა გოლს საპასუხო ორი ბურთით უპასუხა და ევრო 2024-ის საგზური ძირითად დროში მოიპოვა. უკრაინელებისთვის ეს მეოთხე ევროპის ჩემპიონატი იქნება, მათ პირველად მონაწილეობა 2012 წელს მიიღეს.
კარდიფში კი უელსისა და პოლონეთის შეხვედრა 120 წუთის შემდეგ, საქართველო-საბერძნეთის მსგავსად, 0-0 დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. უელსელებისგან განსხვავებით პოლონელებმა პენალტები უნაკლოდ შეასრულეს და მათმა მეკარე ვოიცეხ შესნიმ უელსელთა შემტევის, დანიელ ჯეიმსის უკანასკნელი დარტყმული მოიგერია, რითაც პოლონეთს უმაღლესი ევროპული ფორუმის საგზური მოუტანა. პოლონელებს უკრაინისგან განსხვავებით ევროპის ჩემპიონატზე ერთით მეტჯერ უასპარეზიათ და ევრო 2024 მათთვის, რიგით მეხუთე ევრო პირველობა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, საქართველოს ეროვნული ნაკრები კი F ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.