მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ თუ ვერ ვფიქრობთ, შეგვიძლია სხვა ქვეყნებისგან ავიღოთ მაგალითი" - ტურიზმის ექსპერტი

6064a343b015a
მარიამ ადამია
31.03.21 23:00
985
„საქართველოში ძალიან ცოტამ მოახერხა პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევა და ოპერირების გაგრძელება. თუკი პანდემიამდე ოფიციალურად 10 000 კვების ობიექტი მუშაობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 700-მდე შემცირდა“- ამის შესახებ, გადაცემა „საქმიან დილაში“, ტურიზმის ექსპერტმა თამთა შამათავამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯამში 300 ათასმა ადამიანი ქვეყანაში სამსახურის გარეშეა დარჩენილი.

„ჩვენ თუ ვერ ვფიქრობთ და ვერ ვიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, შეგვიძლია სხვა ქვეყნებისგან ავიღოთ მაგალითი და მოვარგოთ საქართველოს. თუნდაც თურქეთი ავიღოთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნიმუშია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში, რადგან კარგი ინიციატივები აქვს. სახელმწიფო აწარმოებენ აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიებს, რომელიც  ტურისტებს თურქეთში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. ხაზს უსვამენ უსაფრთხო ტურიზმს ქვეყანაში, სერტიფიკატს აძლევენ სასტუმროებსა და რესტორნებს. გარდა ამისა, 40-მდე ქვეყნის ელჩი მიიწვიეს კურორტებზე და თავად შეაფასებინეს უსაფრთხოება, სტანდარტები და კვალიფიკაცია. მათ ასე საჭირო მესიჯები დააგზავნეს მთელს მსოფლიოში“ - განაცხადა თამთა შამათავამ.

მისივე თქმით, არსებობს რაღაც საკითხები, რაშიც მთავრობამ ფული არ უნდა დაზოგოს და მათ შორის არის სწორი მარკეტინგული კამპანიები.

„ჩვენ თუ შიდა ტურიზმზე გვაქვს აქცენტი და იმედგაცრუებულები დავრჩებით, რადგან სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს მიმართულება შარშანდელთან შედარებით შემცირებულია, რადგან უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს ბუნებრივია არ აქვთ საშუალება, რომ იმოგზაურონ, ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია, სწორი და თანმიმდევრული სტრატეგიის გაწერა და სხვა ქვეყნების მაგალითების შესწავლა და მათი გამოყენება“ - აღნიშნა ტურიზმის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის სექტორისთვის არც 2021 წელი დაწყებულა პოზიტიურად, იანვარში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 94.5%-ით შემცირდა, ხოლო ქვეყანაში შემოსული მოქალაქეების ძირითადი ნაწილი მეზობელ ქვეყნებზე მოდის. რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურისტულმა სექტორმა 2020 წელს 2.7 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის პროგნოზით კი 2021 წელს ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები 2019 წლის 30%-ს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები