მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენს მასტერკლასებზე ძალიან დიდი ინტერესია" - რას ისწავლით "თიგის სახლში"?

648857f392711
ნანუკა ნარიმანიძე
18.06.23 09:55
659
ეკოტურისტული სივრცე “თიგის სახლი” დახურული სივრცის დამატებაზე მუშაობს, - ამის შესახებ სივრცის დამფუძნებელმა ნინო თიგიშვილმა გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას ისაუბრა.

“თიგის სახლი” მრავალპროფილური ობიექტია, სადაც ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები და სასოფლო-სამეურნეო აქტივობები იმართება, ამასთან, ბრენდი ჩაისაც ყიდის.

“ჩვენს მასტერკლასებზე ძალიან დიდი ინტერესია, ძირითადი აქცენტი კეთდება ოსურ სამზარეულოზე და ქსნის ხეობაზე, რომელიც ძალიან პატარა, მაგრამ მდიდარი არეალია. გასულ წელს, გრანტების დახმარებით შევძელით დაინტერესებული პირებისთვის ღია სივრცეში გვემასპინძლა, მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდა საჭიროება, რომ გვქონდეს დახურული სივრცე უზრუნველყოფილი მასტერკლასებისთვის, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ”, - ამბობს დამფუძნებელი.

ამასთან, სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ნინო თიგიშვილი აღნიშნავს, რომ იგეგმება პროდუქციის გაფართოება და ექსპორტზე გატანა.

“ჩვენი ბრენდი 2020 წელს დაარსდა და მომხმარებელს მხოლოდ სამი სახის ჩაის ვთავაზობდით, ტყის პროდუქტები ჩვენთან ძალიან დიდ ადგილს იკავებს, სამომავლოდ გვსურს, გავაფართოოთ ასორტიმენტი და გავიტანოთ ექსპორტზე, რაც საშუალებას მოგვცემს, ქსნის თემს დავეხმაროთ, ისინი მოაგროვებენ ადგილობრივ პროდუქტს, რითაც ჩაის დავამზადებთ და გავყიდით, ამასთან, სამომავლო გეგმებშია მცენარეული სამკურნალო პრეპარატების დამზადებაც”, - დასძინა მან.

დამფუძნებელმა ეკოტურიზმზე და სფეროს გამოწვევებზეც ისაუბრა.

“იმის მიუხედავად, რომ ეკოტურიზმი ძალიან ტენდენციური მიმართულებაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს, ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, თუნდაც ნარჩენების გადამუშავების და ნაგვის სეპარირების საშუალებების არარსებობა ბაზარზე, რაც ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს კერძო სექტორს, თუ გინდა, რომ დაიცვა ეკოტურიზმის პრინციპები, ამისთვის ძალიან დიდი შრომაა საჭირო”, - თქვა მან.

ცნობისთვის: “თიგის სახლი” 2020 წლის თებერვალში დაარსდა, ბრენდი მომხმარებელს მხოლოდ ჩაის სთავაზობდა, 2022 წლიდან კი კომპანია მომსახურების სექტორშიც გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები