საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკავებულები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ლევან იოსელიანის ინფორმაციით, დაკავებულია 25 ადამიანი, რომელთაც გარეგნული დაზიანებები აღენიშნებათ. ყველაზე მეტად დაზიანებები კი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნებოდა.
„მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ იმყოფება, 25 ადამიანია დაკავებული. რამდენიმე მათგანს გარეგნული დაზიანებები აღენიშნება. ასევე მოვინახულე ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც ასევე გარეგნული დაზიანება აღენიშნება, ყველამ განაცხადა, რომ ისინი ექიმმა მოინახულა. რამდენიმე მათგანი აცხადებს, რომ აბსოლუტურად გაურკვეველ ვითარებაში იყვნენ დაკავებულნი, მოულოდნელად, რადგან არ ჰქონდათ კავშირი აქციასთან. ერთმა თქვა, რომ გამვლელი ვიყავი, მტაცეს ხელი და ჩამსვეს მანქანაშიო.
ყველაზე სერიოზული დაზიანებები, რაც ვნახე ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნებოდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ექიმები შესაბამის დასკვნებს დაწერენ. ზურაბ ჯაფარიძე პირადად მესაუბრა და თავისი დაკავების დეტალები მომიყვა, მან ასევე მისცა ჩვენება. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, დაკავების პროცესში ხელკეტი იმ სპეციალური დანიშნულების დანაყოფისგან თანამშრომლისგან მოხვდა, ვინც დააკავა. სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლისგან. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს გავაგზავნეთ და გამოძიება დაწყებულია“, - ამბობს ლევან იოსელიანი.