მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დალუქვის ერთადერთი მიზანი ჩვენი დასჯა, შეშინება და სამომავლო სიგნალია" - კლუბი "ხიდი"

61ac6956c6e87
თამთა ჯიჯავაძე
05.12.21 11:18
985
თბილისში, კლუბი “ხიდი” შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. აღნიშნულს კლუბის დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი "ფეისბუქზე" ეხმაურება და აცხადებს, რომ დალუქვის ერთადერთი მიზანი დასჯა, შეშინება და სამომავლო სიგნალია, ვინაიდან კლუბმა ყველა რეგულაცია დაიცვა.

"დღეს ახალი პრეცედენტი მოხდა, პირველ დაჯარიმებასთან ერთად, პირდაპირ დაგვლუქეს. თითქმის ორი წელია გაჩერებულები ვართ, მოწესრიგებულად ველოდებით მუშაობის უფლების მიღებას, ვერთვებით საპილოტე კვლევით ღონისძიებებში, იმისთვის რომ მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელება ჩვენს სივრცეებში. შემოიღეს მწვანე პასპორტის სისტემა, ჩვენ კვლავ არ აღმოვჩნდით გასახსნელ სიაში. 3 დეკემბერს გავხსენით კარი და ვუმასპინძლეთ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე პირებს, უფრო მეტად შეზღუდული კრიტერიუმებით, ვიდრე თავად დაადგინეს საქვეყნოდ. დღევანდელი დალუქვის ერთადერთი მიზანი ჩვენი დასჯა, შეშინება და სამომავლო სიგნალია. საკლუბო ფილოსოფია და კულტურა თავისუფლებაზეა დაფუძნებული, მსგავსი პრეცედენტები აქ არ გაგივათ. მოგიწოდებთ დროულად მოგვიხსნათ ლუქი და მოგვცეთ მუშაობის საშუალება სხვა კლუბებთან ერთად. იმაზე მეტი ვითმინეთ ვიდრე ვალდებულება გვქონდა, მითუმეტეს იმის პარალელურად, როცა ქვეყანაში სრული განუკითხაობაა", - წერს კლუბის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ გუშინ შრომის ინსპექციის სამსახურმა ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ღამის კლუბებს მოუწოდა არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმისა, თუ დალუქვის სახით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები