უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წერს, რომ მსოფლიომ სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან ახლა ევროპისა და მსოფლიოს მომავალი წყდება. ასე ეხმაურება ის რუსეთის ნაბიჯებს, რომელმაც უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. დილიდან აფეთქებები ისმის ხარკოვსა და კიევთან.
“ხუთი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას:
– დამანგრეველი სანქციები უნდა დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ, SWIFT-დან რუსეთის გათიშვა
– რუსეთის ყველა ფორმატში იზოლაცია
– იარაღისა და აღჭურვის მიწოდება უკრაინისთვის
– ფინანსური დახმარება
– ჰუმანიტარული დახმარება”,-წერს ტვიტერზე კულება.
უკრაინის ორი რეგიონის აღიარების შემდეგ, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ, დღეს, 24 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.




























