მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დენის ტარიფის სუბსიდიის მიუხედავად პროდუქციის გაძვირებას ვერ ავცდებით“

601d539df3ef5
ელენე გოგბერაშვილი
05.02.21 20:00
951

სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 11-13 თეთრით გაიზარდა. კერძო სექტორს დამატებითი ფინანსური ტვირთი რომ არ ეგრძნო, მთავრობა კვების ინდუსტრიაში მოქმედ ბიზნესს დაჰპირდა, რომ ნაზარდი ტარიფის 50%-ს დაუსუბსიდირებდა. ამასთან, იმისთვის, რომ საწარმოებს შეღავათი მიეღოთ, მათ მთავრობამ ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის ორკვირიანი პერიოდი მისცა (13-27 იანვარი), თუმცა არც თუ ისე ცოტა კომპანიამ დათქმული ვადების შესახებ ვერ შეიტყო ან რეგისტრაცია ვერ მოასწრო.

სხვა ბიზნეს ასოციაციების მსგავსად, დამსაქმებელთა ასოციაციაშიც თვლიან, რომ კერძო სექტორს, ვინც რეგისტრაციის შესახებ გვიან ან საერთოდ ვერ შეიტყო, კუთვნილი შეღავათის მისაღებად დამატებითი ვადა უნდა მიეცეს. მიუხედავად ამისა, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების გათვალისწინებითაც საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას მაინც ვერ ავცდებით.

„ბოლო პერიოდში მსგავსი ტიპის შემთხვევები გვაქვს, განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სწრაფ რეჟიმში უწევს მთავრობას გადაწყვეტილების მიღება და ლოგიკურია, რომ ბევრი კომპანია რჩება იმ ინფორმაციის გარეშე, რომელიც მათ მხარდაჭერას ეხება; ეს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი. განსკუთრებით რეგიონებში, ბევრ კომპანიას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩართულიყვნენ სუბსიდირების პროგრამაში, თუმცა მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ რეგისტრაციის პროცესი განახლდეს და გახანგრძლივდეს ანუ მხოლოდ 2 კვირაზე არ იყოს საუბარი.

ამასთან, ჩვენ მაინც დიდი ალბათობით ვერ ავცდებით პროდუქციის გაძვირებას, გამომდინარე იქიდან, რომ სუბსიდირება ეხება ერთწლიან პერიოდს. კომპანიები პირველ კვარტალში - არა, მაგრამ წლის მეორე ნახევდრიდან დაიწყებენ პროდუქციის გაძვირებას, რადგან 2022 წლიდან  საქონლის რეალიზაცია არასუბსიდირებულ ფასად მიუწევთ. აქ არ არის მხოლოდ ელექტროენერგიაზე საუბარი. ისინი სხვადასხვა პროდუქტს ან სერვისს იღებენ ისეთი კომპანიებისგან, რომლებიც სუბსიდირებას არ ექვემდებარებიან. ფაქტია, სხვა სექტორში გაძვირებული ელექტროენერგია მათ სექტორზეც აისახება“, - აცხადებს ლაშა ლაბაძე.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები