მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის (WTO) პირველი ქალი ხელმძღვანელი და ნიგერიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ნგოზი ოკონჯო-ივეალა აცხადებს, რომ ის შეეცდება პრიორიტეტი „პატიოსან ვაჭრობას“ მიენიჭოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, WTO-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში ძირეული რეფორმებია გასატარებელი, რათა ორგანიზაციამ გამართულად შეძლოს ფუნქციონირება და ხელი შეუწყოს „პატიოსან ვაჭრობას“.
ნგოზი ოკონჯო-ივეალა ასევე აცხადებს, რომ ის ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება WTO-მა წვლილი შეიტანოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას ასევე აშფოთებს ფაქტი, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ხემისაწვდომი არ არის.
„ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია პანდემიის მართვაში ჩვენი წვლილის შეტანა, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ჯანდაცვის კუთხით“, - განაცხადა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ.
WTO-ის ხელმძღვანელის აზრით, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციას სჭირდება ისეთი წესების შემოღება, რაც ვაქცინაზე თანაბარ წვდომას უზრუნველყოფს.
„ბევრი განვითარებული და მდიდარი ქვეყანა ყიდულობს იმაზე მეტი რაოდენობის ვაქცინის დოზებს, ვიდრე სჭირდებათ, მაშინ როდესაც აფრიკის განვითარებადი ქვეყნები რიგში ძალიან უკან არიან ან საერთოდ არც არიან“, - განაცხადა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ.