მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძირგახვრეტილი ქვაბის მდგომარეობაში ვართ" - ზურაბ ჭიაბერაშვილი DRG-ზე

642199aa35f7b
სალომე ხიდურელი
27.03.23 22:35
476
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიების მიერ მედიკამენტებზე ფასნამატების შემთხვევებზე სახელმწიფოს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კი უკვე ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებაზე, რომელიც უწყების, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს როლს გაზრდის.

ჯანდაცვის სამინისტროს ამ პოლიტიკის გამომწვევ მიზეზებზე BMGTV-ს გადაცემა "საქმიან დილაში" ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა და განმარტა, რომ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ხელისუფლების ღრმა კონფრონტაციაში შესვლა გარდაუვალი იყო.

„განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში კეთდება და პოლიტიკა, რასაც სახელმწიფო ატარებს, ლოგიკური შედეგია იმისა, რაც 2013 წელს ჯანდაცვაში დაიწყო. როგორც კი სახელმწიფომ ფინანსური სქემა შეცვალა, ანუ როგორ უნდა მისულიყო ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან კლინიკამდე, პაციენტის მკურნალობის ასანაზღაურებლად, იმ მომენტიდან განისაზღვრა, რომ აუცილებლად ამ წერტილში მოვიდოდით: ჯანდაცვის სამინისტრო, და ზოგადად, ხელისუფლება, შევიდოდა ძალიან ღრმა კონფრონტაციაში სამედიცინო სექტორის უკლებლივ ყველა რგოლთან“, - აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისი მოსაზრებით, 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროსგან სადამსჯელო ღონისძიებების გატარება მოსალოდნელი იყო.

„2013 წელს „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ მსუყე ხაზინა დახვდა და შეეძლო, ფული დაეხარჯა, ბუნებრივია, დაახლოებით 2017 წლამდე პრობლემები არ ჩანდა. მაგრამ 2017 წლიდან მთავრობა მიხვდა, რომ დაფინანსების ის სქემა, რაც არსებობდა, უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა და საჭირო იყო ე.წ. „ჭანჭიკების მოჭერა“, რომელიც დაიწყო კიდეც თავის დროზე სამინისტრომ 520-ე დადგენილებით, რომელიც ასევე ლოგიკური იყო ამ სქემაში. გარდაუვალი იყო, ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი სადამსჯელო ღონისძიებებისათვის მიემართა. "კოვიდმა" ეს დროებით შეაჩერა, მაგრამ როგორც კი კოვიდი მორჩა, სახელმწიფომ კლინიკებთან მილიონობით ლარზე დაიწყო დავა. იგივე ეხება ფარმაცევტულ ბიზნესებთან დავასაც“, - აცხადებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ DRG სისტემა ბიუჯეტიდან ფულის გადინების შესაკავებლად შემოიღო, თუმცა ის შედეგს ვერ იძლევა.

„ამ ტიპის სოციალისტურ სქემაში, რომელიც სახელმწიფომ 2013 წელს დაიწყო, ძირგახვრეტილი ქვაბის მდგომარეობაში ვართ, როდესაც სახელმწიფო სხვადასხვა ადმინისტრაციული სადამსჯელო მექანიზმებით მუდმივად ცდილობს, ხან ერთ ნახვრეტს მიაფაროს ხელი, მაგრამ მერე მეორე ნახვრეტი ჩნდება, ხან მეორე ნახვრეტს - მესამე ჩნდება;

სახელმწიფო დღეს დაკავებულია იმით, როგორმე შეაკავოს ბიუჯეტიდან ფულის გადინება და DRG-ც ამ მიზნით შემოიღო, მაგრამ ის, რაც მესმის სამედიცინო სექტორიდან და ის, რაც ვიცი ფინანსურად, მაფიქრებინებს, რომ ეს მეთოდი ამ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, შეიძლება პრეტენზია თვითონ DRG-სთან, როგორც მოდელთან, არ მქონდეს, დღესდღეობით შედეგს ვერ იძლევა“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ცნობისთვის, 2019 წლის ნოემბერში ამოქმედდა 520-ე დადგენილება, რომელმაც დააწესა ზედა ზღვრული ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის: მაგალითად, სახელმწიფომ განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციას დაუფინანსებდა მინიმუმ 12,000 და მაქსიმუმ 17,000 ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები