საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია გეგმავს, მთავრობას საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათების კიდევ 6 თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართოს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის ვადით, 750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასზე, პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია. ეს კერძო სექტორში არსებული დამსაქმებლებისთვის ყოველთვიურ ხელფასზე მაქსიმუმ 150 ლარის გამოთავისუფლებას ნიშნავს. კერძოდ, კომპანიებს თუ წარსულში ხელზე 600 ლარის ხელფასის გასაცემად, თანამშრომლისთვის 750 ლარის გადარიცხვა უწევდათ, ამჟამად 0 ლარის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან და იგივე 600 ლარის ხელფასის გასაცემად მხოლოდ 600 ლარი სჭირდებათ.
აღნიშნულ ინიციატივაზე bm.ge-სთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ისაუბა:
„ეს კრიზისი დასრულდა? ვხედავთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს და ვხედავთ, რომ ეს გარკვეულ სექტორებს კვლავ შეუქმნის პრობლემებს. თუკი ერთი კონკრეტული ინდუსტრია გაჩერებულია, სხვებზეც ექნებათ ნეგატიური გავლენა. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი კი არ გავიარეთ, არამედ შეიძლება ეკონომიკური კრიზისი ახლა იწყებოდეს. 6 თვე გავიარეთ, ვნახეთ რაც მოხდა, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ კიდევ 6 თვე გაგრძელდეს საშემოსავლო გადასახადის დატოვება კომპანიებთან. ფორმულირებაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რადგან ითქვა, რომ საშემოსავლო გადასახადს სახელმწიფო აღარ წამოიღებს ბიუჯეტში და მკაფიოდ განიმარტა, რომ ეს ფული რჩება ბიზნეს ოპერატორებთან და არა დასაქმებულებთან“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, საკითხი მოითხოვს საგადასახადო ცვლილებებს, ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს მასზე საუბარი მთავრობასთან და პარლამენტთან.
„უნდა დაველოდოთ, ვფიქრობთ, არჩევნების შემდეგ მოგვიწევს საუბარი. ახლა ძალიან რთული იქნება რომელიმე კონკრეტულ მინისტრს, ან პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეს ესაუბრო, რადგან არავინ იცის ეს კონკრეტული კომიტეტის თავმჯდომარე იქნება თუ არა მომდევნო პარლამენტში იგივე პოსტზე“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.