მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენგურჰესის" კაშხალზე ტურისტული მარშრუტი ოქტომბერში გაიხსნება – GEDF

614eefd1f0bc9
დავით ჯალაღონია
25.09.21 20:00
1493
"ენგურჰესის" კაშხლის ტურისტული მარშრუტი ვიზიტორებს ოქტომბრის ბოლოდან მიიღებს. ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ კაშხალი და ისეთი ადგილები, რომლებიც ტურისტებისთვის ადრე ხელმისაწვდომი არ იყო.

"დაგეგმილია ამ ატრაქციისთვის ახალი მარშრუტის განვითარება, ასევე ახალი ბანერების, ეკრანის ინსტალაცია მოხდება, სადაც ენგურის სტრუქტურისა და ელექტროსადგურის შესახებ შემეცნებითი კლიპი გავა. შემდეგი წლისთვის დაგეგმილია უკვე ტურისტულ ცენტრზე მუშაობა. ვთანამშრომლობთ დონორ ორგანიზაციებთან, ბანკებთან და ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში მოხდეს ტურისტული ცენტრის განვითარება", – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

აღნიშნული ტურისტული ცენტრის სრული პროექტის დიზაინზე ესტონური კომპანია Coco Architecture მუშაობდა, ასევე GEDF–ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ამერიკულ Hoover Dam-თან (კაშხალი აშშ–ში, მდინარე კოლორადოზე, არიზონასა და ნევადის შტატების საზღვარზე), რომლის ანალოგიური ტურისტული ატრაქცია ენგურის კაშხლის მიმდებარედ უნდა განთავსდეს.

რაც შეეხება ენგურის ტურისტული ცენტრის ბიუჯეტს, ამ პროექტის სოციალურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა "კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ" მოამზადა და მის ღირებულებად დაახლოებით 50 მლნ ლარი განისაზღვრა.

გიორგი ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ ამ ტურისტული ცენტრის შინაარსით და ბიზნეს მოდელით კერძო სექტორი დაინტერესდება

"რამდენიმე ობიექტი უნდა განთავსდეს აქ, როგორიც არის ზიპლაინი, რომელიც იქნება დაახლოებით ერთი კილომეტრი და 200 მეტრის სიგრძის, ასევე - შემეცნებითი ცენტრი, 270-მეტრიანი პანორამული ლიფტი - ეს ყველაფერი საკმაოდ რთული ნაგებობებია და რამდენიმე წელი დასჭირდება დასასრულებლად. პირველი ნაბიჯები წელსვე გადაიდგმება და დარწმუნებული ვარ, შემდეგ წელს ზიპლაინი უკვე დაინსტალირებული იქნება", – აღნიშნა GEDF–ს ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები