მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"„ენგურჰესს“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან" - პრეზიდენტი

62fbc1e3d402f
BM.GE
16.08.22 20:15
1106
„ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტშია შეტანილი, დღეს, სალომე ზურაბიშვილმა დაათვალიერა.  მისი მოსაზრებით, „ენგურჰესს“ საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ამასთან, "ეს არის ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან".

„ახლა დაიწყო „ენგურჰესის“, როგორც ინდუსტრიულ-ტურისტული პუნქტის აღდგენა, რომელსაც მიმდინარე წელს დასათვალიერებლად უკვე 20 000 ტურისტი სტუმრობდა. სვანეთის გზაზე ეს არაჩვეულებრივი ადგილი, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული პუნქტი გახდება. „ენგურჰესს“ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი ასეთი, საერთო ეკონომიკური საქმიანობაა. ეს არის ის, რაც დღეს კიდევ გვაერთიანებს და რასაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამავდროულად, „ენგურჰესს“ საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ენერგოპროდუქციის 40% აქედან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული „ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ცოტა ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს. გადავხედოთ აქაურ ბუნებას, რამდენად მდიდარია ის, რამდენად მდიდარია „ენგურჰესის“ პოტენციალი, რამდენად სჭირდება საქართველოს ეს პოტენციალი და რამდენად სჭირდება ეს ხიდი ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ენგურჰესის“ უნიკალური თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა თაღოვან კაშხლებში და მეექვსე ადგილზეა ზოგადად კაშხლებს შორის, ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი უდიდესი ინფრასტრუქტურით. ენგურის მდიდარი ჰიდროენერგორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო, თუმცა იმ დროისთვის ენგურის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა.

„ენგურჰესის“ კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები. ამჟამად პროექტს „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ ენერგეტიკის განვითარების ფონდი და მისი შვილობილი კომპანია „ენგური ატრაქცია“ ახორციელებს.

„ენგურჰესს“ საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და მრჩევლებთან ერთად სტუმრობდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს „ენგურჰესზე“ „ენგურჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ და კაშხლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯონი ჭანიამ უმასპინძლეს. 

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პესსამსახური ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები