მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია "იწის წყალი", რომელიც რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარეობს, რუსეთის ბაზრის დატოვების შემდეგ საექსპორტო მოლაპარაკებებს კატარსა და გაერთიანებულ საამიროებთან აწარმოებდა, თუმცა, ამ დრომდე დადებით პასუხი არ მიუღია. მისი დამფუძნებელი ვლადიმერ გურგენიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ კომპანია ექსპორტის გარეშე წარმოებას ვერ გააგრძელებს.
"მოლაპარაკებებს ისევ ვაგრძელებთ, მაგრამ ჯერ შედეგი არ მიგვიღია, ვერაფერი გავაკეთეთ, მუდმივად გვივადებენ მოლაპარაკებას, ხან ორი კვირით, ხან ერთი კვირით, საბოლოო გადაწყვეეტილების მიღება უჭირთ. აქამდე ექსპორტს რუსეთთან ვაწარმოებდით, მაგრამ ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო გადავწყვიტე, რომ კომპანიისთვის სახელი არ უნდა გამეფუჭებინა და რუსეთის ბაზრიდან გამოვედით, უკრაინასათანაც თითქმის ბოლომდე გვქონდა მიყვანილი მოლაპარაკებები, მაგრამ ომი დაიწყო და ესეც ჩაიშალა. იმედი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იყო - კატარიდან და გაერთიანებული საამიროებიდან თავად დაინტერესდნენ, ჩამოვიდნენ, შეამოწმეს ქარხანა. ის წყარო, საიდანაც "იწის წყალი" ისხმება, თავისი ქიმიური თვისებებით განსაკუთრებულია, ამიტომ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებით იყვნენ, თუმცა მათაც პრობლემები შეექმნათ და საბოლოოდ ვართ ასე, სირთულეებში გახვეული", - განმარტა ვლადიმერ გურგენიძემ.
მისივე ცნობით, ამჟამად "იწის წყალი" მხოლოდ რაჭის რეგიონში რეალიზდება, რადგან დისტრიბუციის ფასი იმდენაად გაზრდილია, რომ რეგიონის გარეთ ტრანსპორტირება ზარალს მოუტანთ, მცირე საწარმოს კი დამატებით გამოწვევასთან გამკლავების რესურსი არ აქვს.
"შიდა წარმოებაზე ორიენტირებულები თავიდანვე არ ვყოფილვართ, ჩვენ მხოლოდ რაჭის რეგიონს ვამარაგებთ, რადგან დისტრიბუციის ფასი ისეა გაზრდილი, რომ სხვა რეგიონებში შესვლა ჩვენთვის ზარალი იქნება, დისტრიბუტორებს ძირითადად რაჭაში შემოაქვთ პროდუქცია, რაჭიდან არაფერი გადის. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მცირე საწარმო ვართ და ამ პრობლემების შედეგად წლიურად ძალიან უმნიშვნელო რაოდენობას ვაწარმოებთ, ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება ჩვენთვის არარენტაბელურია, ექსპორტის გარეშე წარმოებას ვერ გავაგრძელებთ", - აცხადებს ვლადიმერ გურგენიძე.
გურგენიძე აღნიშნავს, რომ ამჟამად ქარხანაში 15-18 ადამიანს ასაქმებს, თუმცა მუშა-ხელის ნაკლებობას განიცდის და ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანის თბილისიდან ჩამოყვანა მოუწია.
"რაჭაში კადრების ნაკლებობაა, ფაქტობრივად, მუშა-ხელი არაა. მე მაგალითად 4 ადამიანის ჩამოყვანა თბილისიდან მომიწია, რადგან აქ ფიზიკურად არ იყვნენ აღნიშნული პოზიციის შესაბამისი კადრები. თანაც როცა წარმოება არასტაბილურია ადამიანების დასაქმება კიდევ უფრო რთულდება, რადგან მინიმალური ხელფასით ხო მაინც უნდა უზრუნველყო, ჩვენ კიდევ ახლა დამატებითი ხელფასის გამოყოფის შესაძლებლობა არ გვაქვს", - ამბობს ვლადიმერ გურგენიძე BM.GE-სთან.
ცნობისთვის: “იწის წყალი” 2018 წელს ამბროლაურის რაიონში 2 მილიონი ლარის ინვესტიციით, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით დაფუძნდა. კომპანიამ სააგენტოს პროგრამის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და მიწა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღო.