ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი არ არის ერთი რიგითი პროექტი, ეს არის საპილოტე პროექტი და ჩვენი ხედვა თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ქალაქი, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წლიდან მერია აპირებს დაიწყოს მუშაობა თბილისის ცენტრალური გამზირების რეაბილიტაციის მიმართულებით.
„ცხადია ყველა ქუჩაზე საავტობუსე ზოლები ვერ გაკეთდება. ამის ილუზია არავის არ ჰქონდეს, იმიტომ რომ ყველა ქუჩას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, გაბარიტებიდან და თავისი გამტარუნარიანობის შესაძლებლობების გათვალისწინებით. ვაპირებთ რუსთაველის გამზირის მოწესრიგებას იმ ფორმით, როგორც ჭავჭავაძის გამზირი არის გაკეთებული. ასევე ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის, წერეთლის, მელიქიშვილის გამზირების რეაბილიტაციას. ცენტრალური გამზირები იქნება მოწესრიგებული, გარდა ამისა, გამგეობები ათასზე მეტი ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებენ“, - განაცხადა მან.




























