მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა მეტროსადგურების მოდერნიზაციის პროექტი? - თბილისის მერის განმარტება

მეტრო

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურების მოდერნიზების პროექტზე ისაუბრა და მოსახლეობას ამჟამად მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მერის განმარტებით, ამჟამად 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის კონცეპტუალური დიზაინის შემუშავების ტენდერი მიმდინარეობს.

“ამჟამად მიმდინარეობს ტენდერი, კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად. ტენდერში მონაწილეობის სურვილი 11-მა საერთაშორისო კომპანიამ და კომპანიათა გაერთიანებამ დააფიქსირა. ტენდერის ამ ეტაპზე ფასდება აღნიშნული კომპანიების საკვალიფიკაციო მონაცემები, რათა შედგეს “მოკლე სია” და გადავიდეთ ტენდერის მომდევნო ეტაპზე - ფინანსური წინადადების განხილვა და გამარჯვებული კომპანიების გამოვლენა”, - განმარტავს კახა კალაძე.

მისი თქმით, ტენდერის ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდება პროექტირებისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის, რაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.

მერმა ვარკეთილისა და ავლაბრის მეტროსადგურების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლენილი ზედაპირის უსწორმასწორობის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის მიერ ჭერის პროექტი განახლდა. თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე, მშენებელი კომპანია ჭერის მასალების დამამზადებელ კომპანიასთან ერთად ამუშავებს საინჟინრო-სამონტაჟო დეტალებს, რათა დამზადდეს ჭერის მასალები.

„ჭერის პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობამ გარკვეულწილად შეაფერხა სამუშაოების პროცესი, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ავლაბრის მეტროსადგურს, მერის თქმით, მეტროსადგურის გარე ფასადის, შიდა მოპირკეთებისა და სახურავის დემონტაჟის დაწყებისას, სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის მდებარეობის დამატებითი შესწავლის აუცილებლობა გამოიკვეთა, რამაც ზედა ვესტიუბულის პროექტის კორექტირების აუცილებლობა გააჩინა. კახა კალაძის თქმით, ავლაბრის მეტროსადგურის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება.

ცნობისთვის, EBRD-ის დონორობით, 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-29 წლებში განხორციელდება და მისთვის 55 მილიონი ევრო გამოიყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები