მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის სიღარიბის კიდევ უფრო გაღრმავების ბიუჯეტი" - ჭიაბერაშვილი პენსიების ზრდას აფასებს

5fc6977205e45
თამთა ჯიჯავაძე
01.12.20 23:24
875
ეს არის სიღარიბის კიდევ უფრო გაღრმავების, უფრო მეტი გაჭირვების ბიუჯეტი, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ 2021 წლის ბიუჯეტი. მან მომავალი წლიდან მთავრობის მიერ დაგეგმილ პენსიების ზრდაზეც ისაუბრა.

„პენსიების 20 და 25 ლარით ზრდა არის ის, რომ ძალიან პატარა რამ მისცეს საზოგადოებას, იმისთვის რომ თითქოს გაიმართლონ თავი. სინამდვილეში ფასების ზრდა არის ყველაზე მტკივნეული, განსაკუთრებით პენსიონერებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად, როდესაც მაღაზიასა თუ აფთიაქში შედიან, გაზრდილი ფასები ხვდებათ. ეს პრაქტიკულად ვერ აკომპენსირებს იმ გაჭირვებას, რაც ქვეყანაშია. ამიტომ ბიუჯეტის გადალაგება, რაც ქვეყანას სჭირდებოდა ფაქტობრივად გამორიცხულია „ქართული ოცნების“ პირობებში“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

მან პენსიების ინდექსაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ არის ოპტიმალური გამოსავალი.

„ინდექსაცია არის მთავრობის განაცხადი პენსიონერების მიმართ, რომ სიღარიბის რა დონეზეც ხართ ახლა, ასე ან ამაზე უფრო მეტ სიღარიბეში იქნებით. ანუ თქვენი სიღარიბიდან გამოსვლა არ მოხდება. ეს არის ინდექსაცია, როდესაც ინდექსაციით მთავრობა პენსიონერს სიღარიბის გარკვეულ დონეზე ტოვებს.

რა იქნებოდა ოპტიმალური? ოპტიმალური იქნებოდა ბიუჯეტის მვეთრი გადალაგება, უყაირათო ხარჯების შემცირება, რომელიც მილიარდობით არის ამ ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, კოვიდიც თავის როლს თამაშობს, მაგრამ ეს მდგომარეობა გვქონდა კოვიდამდე და ჩვენ რამდენიმე წელია მთავრობას ვეუბნებით, რომ მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯი, რომ ფული ჩარჩეს ეკონომიკაში და უფრო სწრაფი ზრდა გვქონდეს. თუ გაიზრდება ჩვენი ეკონომიკა, ბიუჯეტში ამოღებული თანხაც მეტი იქნება და პენსიის ზრდაც უფრო რეალურად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია, გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1 იანვრიდან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი, რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით; კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით. შეგახსენებთ: საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში, 30 ნოემბერს პარლამენტს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები